Friday, July 24, 2009

ნ ა მ ო ნ ა ს ტ რ ა ლ თ ა ნ


ჩავიძირე მარტოობის მორევში,
მერე რა, რომ ჩემს გარშემო ბევრია;
ბალახებზე,ხეთა ჩრდილში ლექსსა ვქმნი,
დარდიც თურმე მაინც არ დამლევია;

დაცურავენ ლეგა-ლეგა ღრუბლები,
ქარმა მიძღვნა ნაირ-ნაირ სურნელი,
თითო ფოთოლს, თითო ლერწამს შევსტრფი და
რა, რომ წავალ, მაინც აქ დავბრუნდები;



ქარი მახვევს თმების ქარბორბალაში,
თავბრუს მახვევს ყვავილების სურნელი;
შრიალებენ გვირილები, გალობენ;
ამ ჩუმ ხმაურს ნაზად გავურინდდები...


იდუმალი გარემო და დარდები,
საოცარი სიმშვიდე და ვარდები;
თვით კენჭები,ფოთლები თუ ხეები,
მწამს ელიან, ვიყო მათთან გულწრფელი;


გადავხედე ჩემს განვლილ გზას ცხოვრების,
თითქოს გავხსენ რაღაც დოზით ხლართები,
და დახშული კარგა ხნის წინ მე გულის,
ნამონასტრალს გადავუხსენ კარები;


ტაძარში ვარ მზის სხივებით ნაფერი,
მანუგეშებს საგალობლის ჰანგები,
ყელს მეჭდობა სინანულის ცრემლები,
ცოდვავ მხოლოდ ცრემლით განიბანები!


საკურთხევლის წინ დავეცი მუხლებით,
გზა იპოვეს ნაგუბარმა ცრემლებმა,
დაიცალა გული დარდის ურმებით,
და მტირალი უფალმა მანუგეშა;


მომსწრე გავხდი უხილავ საოცრების,
მადლს მაბერტყდნენ ზეცით ანგელოზები,
ცად აღვიპყარ ხელი, უფალს ვმადლობდი,
და ცოდვილი, თავს კვლავ უფალს ვანდობდი.


დაცურავენ ლეგა-ლეგა ღრუბლები,
ქარმა მიძღვნა ნაირ-ნაირ სურნელი,
ამ ჩუმ ხმაურს ნაზად გავურინდდები;
წავალ, მაგრამ ვიცი კვლავ დავბრუნდები!...



2007 წელი...




No comments:

Post a Comment

გამარჯობა,
შეგიძლია დატოვო კომენტარი ;)