Friday, December 18, 2009

აუდიტორიის ცნობიერებაზე ზემოქმედების მექანიზმები “ZEITGEIST” და საქართველო

სოციოლოგისა და ტელევიზიის მკვლევარის მ. მაკლუენის აზრით ტელევიზიის წარმოშობით პოლიტიკური მოღვაწეობა გადაიქცა მასობრივი ცნობიერების ტოტალური მართვის ყოველდღიურ საშუალებად. ეს მოსაზრება შესაძლოა ერთი შეხედვით რადიკალურად მოგვეჩვენოს, თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ ჯერაც არ დაძლეულა მასობრივ აუდიტორიაზე ზემოქმედების ის მანკიერი მეთოდები რაც საბჭოთა პერიოდიდან ინერგებოდა საზოგადოების იდეოლოგიზაციისათვის.

ფილმი “ZEITGEIST”-ი სამი ნაწილისგან შედგება. ფილმში მცდელობაა დასაბუთებული პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს: თუ რას აერთიანებს ბიბლიური მითი, რატომ შეიქმნა რელიგია, ვინ იდგა 11 სექტემბრის ტერაქტის უკან, რა არის ტერორიზმი და რატომ წარმოადგენს იგი მუდმივ პრობლემას და ა.შ. ფილმი იმ მრავალი ფაქტის უნიკალურ ანალიზს იძლევა, რომელიც ჩვენს წარსულს აწმყოსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს. დოკუმენტური სურათი ამერიკაში მომხდარი ფაქტების გაშუქებაა, თუმცა მასში არა მარტო ამერიკელები, სხვა ეროვნების ადამიანებიც დაინახავენ თავიანთი ქვეყნის ისტორიის ანალოგს, მათ შორის ჩვენც, _ ქართველები... მიუხედავად იმისა, რომ ფილმში საქართველო და ქართველები საერთოდ ნახსენებიც კი არაა, უამრვი პარალელი ჩნდება, რაღაცეებს ხვდები, თუმცა გიჭირს დაიჯერო... ფილმი ანალიზს უკეთებს თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებს. ის ხალხისთვის თვალის ახელის რეალურ მცდელობას წარმოადგენს...
ინფორმაციის საშუალებათა ტოტალური მონოპოლიზაცია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ხელისუფლების მონოპოლიზაციას ნიშნავს. მასობრივი საშუალებები შესაძლოა სიცრუის იდეალურ იარაღად იქცეს მავანის ხელში, იგი ერთნაირად შეიძლება იყოს როგორც დემოკრატიის, ასევე დემაგოგიის ინსტრუმენტი. მით უმეტეს დღეს, როცა მსოფლიო საინფორმაციო ომშია ჩართული.

ფილმში საუბარია ე.წ. “ყუთზე”, რომელიც მილიონობით ადამიანს იპყრობს ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, პირიქით, თითქოს ადამიანები საკუთარი ნებით იტყვევებენ თავს ამ ყუთის მეშვეობით. ეს ე.წ. “ყუთი” რა თქმა უნდა ტელევიზორია, რომელიც ყოველ წამს ზომბებს ჭედავს ადამიანებისგან; ამ “ყუთისგან” ანუ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან მოგვეწოდება აურაცხელი ინფორმაცია, ეკონომიკურ, სოციალურ, რელიგიურ, თუ სხვადასხვა საკითხებზე; ჩვენც ყოველგვარი ფიქრისა და ფილტრის გარეშე ვიღებთ ამ ინფორმაციას და ჩვენივე ნებით ვიჭუჭყიანებთ ტვინებს უსარგებლო და მაზომბირებელი ინფორმაციით... თუნდაც საქართველოს მაგალითზე, _ “ვარდების რევოლუცია” არ მოხდებოდა, რომ არა ასეთი ძლიერი და კარგად დაგეგმილი პიარი და აუდიტორიაზე პირდაპირი ინფორმაციული ტერორი. მასას კი არ აინტერესებს ინფორმაციის უტყუარობა, არც ის თუ რა ქვეტექსტები აქვს ამ ინფორმაციას, რომელსაც მედიასაშუალებები აწვდიან... იგივე შეიძლება ითქვას, რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებაზე, როცა ორივე ქვეყანა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებდა. საზოგადოება კი რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს ინფორმაცია, იჯერებს, ვინაიდან არსებობს ძალიან დიდი ნდობის ფაქტორი მედიასაშუალებებისადმი (არადა ვფიქრობ პირიქით უნდა იყოს, თუმცაღა უბრალოდ ადამიანური ფაქტორია, როცა იმას იჯერებ, რისი დაჯერებაც გინდა). ასეთივე მაგალითად გამოდგება თუნდაც სულ რაღაც ერთი კვირის წინ რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დასავლეთ საქართველოში რაღაც საშინელი სტიქიური უბედურება დატრიალებულა და ამის გამო ყველაფერი მწყობრიდანაა გამოსული, ჩამოთვლილია ქალაქები, რომლებიც ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ და თითქოს მათთვის ახლაც ვერ ხერხდება სტიქიური უბედურების გამო ელექტროენერგიის აღდგენა.... დაახლოებით ერთი კვირის წინ დასავლეთ საქართველოში მართლა იყო წვიმა და ძლიერი ქარები, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამაში უჩვეულო და გასაკვირი არაფერია, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა კი იმდენად გააბუქეს ინფორმაცია, რომ ფაქტობრივად მეგონა სხვა ქვეყანაზე იყო საუბარი... მე კი როგორც ერთი რიგითი ქართველი, არანაირად არ დავინტერესდებოდი იმით, თუ რას წერს რუსული მედია დასავლეთ საქართველოში ამოვარდნილი ქარის შესახებ, რომ არა ჩემი რუსი მეგობრის შეტყობინება, რომელიც ძალიან იყო შეშფოთებული ამ ამბით...
ფილმში ასევე საინტერესოდაა საუბარი იმაზე, თუ რა ხდება განათლების სისტემაში; იგივე შემიძლია ვთქვა ქართულ განათლების სისტემაზე - როგორც უნივერსიტეტებზე, ასევე სკოლებზე... უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ხელისუფლებას და ძალოვნებს არ სურთ განათლებული თაობა, ვინაიდან მოსწავლეები თუ სტუდენტები წარმოადგენენ მიზნობრივ აუდიტორიას, რომლებიც ასევე საზოგადოებრივი აზრის გამომხატველები არიან, ჯერ როგორც მოსწავლეები და სტუდენტები, შემდეგში კი უკვე კურსდამთავრებულები და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. ვფიქრობ მიზანმიმართულადაა შეცვლილი სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლების ფორმა და რეფორმების სახელით ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები სურვილი ჰქონდეთ მოსწავლეებსა და სტუდენტებს განათლების მიღებისა. თან ალბათ დამეთანხმებით, რომ სახელმწიფო სკოლებსა და უნივერსიტეტებში უკვე შეუძლებელიც კია ნორმალური განათლების მიღება და მოსწავლესა თუ სტუდენტს სხვადასხვა წყაროებით უწევს ინფორმაციისა თუ ზოგადად განათლების მიღება; თანამედროვე საქართველოში კარგა ხანია რაც დამკვიდრდა სტერეოტიპი საზღვარგარეთ მიღებული განათლებისა, ესეც ხომ არ არის მიზანმიმართული პიარის ნაწილი?
დროა საზოგადოებამ გაიაზროს, რომ ჩვენი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი ეძღვნება იმას, რომ ვიღაცამ რაღაცაში დაგვარწმუნოს; ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ვისაც როგორც უნდა, ისე გვმართოს... ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ სცადეს 11 სექტემბრით მტრის ხატი შეექმნათ ხალხის თვალში; შემთხვევით იგივე ანალოგს ხომ არ ვაწყდებით საქართველოში რუსეთის სახით?! საუბარია იმაზე, რომ ომები ხელს აძლევს მსოფლიო ბანკსა და სახელმწიფოთა ლიდერებს ფინანსური სახით და სრულიად ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამთ იმას, რომ ამ მიზნებისთვის ათასობით და მილიონობით ადამიანია დაღუპული... იგივე ხომ არ ხდება საქართველოშიც? საინტერესოა ნუთუ აქაც ეს გლობალური ინტერესები მოქმედებდა, როდესაც უამრავი ქართველი შეეწირა აგვისტოს მოვლენებს... მაგალითად კი ტალიავინის დასკვნაც კმარა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი, თუმცა ისიცაა ნახსენები, რომ ეს ყველაფერი რუსების პროვოკაციის შედეგია; თუმცაღა ამ დასკვნაზე ორივე ქვეყანას შემწყნარებელი პოზიცია აქვს, საინტერესოა რატომ არც ერთი მხარე არ გამოთქვამს პროტესტს?! აღსანიშნავია, რომ არც ერთი მხარე არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ და რაც ყველაზე საინტერესოა, ტალიავინის დასკვნიდან ციტირებასაც ახდენენ საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად (თუმცა რაღა თქმა უნდა რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად)...
ფილმი ძალიან ბევრ საინტერესო მოსაზრებასა და არგუმენტს შეიცავს და სრულიად ახლებურად გვიხატავს წარსულს აწმყოსა და მომავალს, თუმცა რატომ ახლებურად? უბრალოდ ჩვენ დაგვავიწყდა ფიქრი და გვსურს ვიღაცამ გაგვიშიფროს ყველაფერი, დააქუცმაცოს ინფორმაცია და ასე დაკეპილი სახით ჩეგვიტენონ თავში... ეს ყველაფერი ხომ ისედაც ისაა, რაცაა, უბრალოდ დაფიქრებაა საჭირო და სანამ ვინმე მიგვითითებს და დაგვანახებს, ან შეეცდება დაგვანახოს, მანამ დავინახავთ და ჩვენეულ შეფასებებს გავაკეთებთ.

მასაზე ზემოქმედება და ზომბირება, ეს ისაა რაც ყოველ წამს ჩვენს თვალწინ ხდება და ჩვენც სრულიად შემწყნარებლები ვართ მის მიმართ; მეტიც, ქვეცნობიერად ვითხოვთ კიდეც თითქოს რომ ვიღაც რაღაც ძალებით ზემოქმედებდეს ჩვენს ცნობიერებაზე. ადრე მასაზე ზემოქმედება მხოლოდ მედიასაშუალებებით ხდებოდა, თანამედროვეობამ კი ახალი სპეციალობაც შექმნა ამისთვის და “Public Relations" ანუ PR-ი დაარქვა. პიარ-ტექნოლოგიები - ეს მასაზე ზემოქმედების ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, სწორედ პიარით ინიღბება ის რისი გამოჩენაც არ სურს ხელისუფლებას, ხდება იმის გაპიარება, რაც საზოგადოებისთვის სრულიად უინტერესოა, მაგრამ კარგი პიარის შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ერთი შეხედვით უინტერესო საკითხი ყველასთვის საინტერესო გახდა. თუმცა ისიც საინტერესოა, რომ პიარი საკმაოდ კარგა ხანია არსებობს, თანამედროვეობაში კი უბრალოდ სახელი დაერქვა...
ბოლოს ისევ ფილმს დავუბრუნდები, “ZEITGEIST”-ი საკმაოდ საინტერესო და ბევრის მომცემი ფილმია, იგი უამრავ დასაბუთებულ ინფორმსაციას გვაწვდის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, იმაზე თუ როგორ ზემოქმედებენ ადამიანებზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და როგორ ახდენენ ადამიანების აზროვნების ფორმირებას, თუმცაღა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თვითონ ეს ფილმი უზარმაზარი ზემოქმედების საშუალებაა მასაზე, ვინაიდან რეჟისორი მიზანმიმართულად ცდილობს შეცვალოს ადამიანთა ცნობიერება და ეს მეტწილად გამოსდის კიდეც...