Thursday, July 23, 2009

თაობა




ზოგადად, ყველა დროის ახალგაზრდობაში ძალიან დიდი ძალაა; ყოველი ადამიანი რაღაც ნიჭითაა დაჯილდოვებული. ბევრ ახალგაზრდაში არის საინტერესო შესაძლებლობები, მათ კი ხშირად საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება არ ეძლევათ...

2006 წლის თებერვალში, წმ. სამების ტაძარში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი დაარსდა. ცენტრმა ახალგაზრდები ერთიანი ქრისტიანულ-ეროვნული იდეოლოგიის ქვეშ გააერთიანა. დაარსებიდან დღემდე ცენტრში უამრავი რამ გაკეთდა და ახალგაზრდების რიცხვიც დღითი-დღე იზრდება და მატულობს.

ახალგაზრდულ ცენტრში მრავალმხრივი ღონისძიებები ტარდება. აქ შექმნილია სხვადასხვა მოქმედი ჯგუფები, რომლებიც ცალკეული მიმართულებით მუშაობენ. ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი თორნიკე კვინიკაძე გვიამბობს: "დაარსებიდან დღემდე ცენტრში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა,ძალიან ბევრი იგეგმება მომავალშიც. გვაქვს ცალკეული ჯგუფები, რომლებიც გარკვეული მიმართულებით მუშაობენ -კულტურისა და ხელოვნების, სარედაქციო, საორგანიზაციო, იურიდიული და ბავშვთა სახლებთან ურთიერთობის ჯგუფები. ვთანამშრომლობთ მწერალთა კავშირთან, მეცნიერებათა აკადემიასთან, გელათის აკადემიასთან, ასევე ჩოხოსნებთან.
ცენტრში გამოვცემთ საკმაოდ საინტერესო საზოგადოებრივ ჟურნალს - "ახალგაზრდობა", რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ახალი ბრენდია, საზოგადოება მის მიმართ დიდ ინტერესს ავლენს. ჩვენთან ყოველდღე ტარდება შემეცნებითი საუბრები; თითოეულ დღეს თავისი თემატიკა აქვს. მაგალითად ორშაბათს ისტორიისა და კულტურის დღეა, სამშაბათობით თვითონ პატრიარქი მობრძანდება და სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ თემებზე ესაუბრება დამსწრე საზოგადოებას. ოთხშაბათობით სოფლის მეურნეობა და ბიოუსაფრთხოება განიხილება, ყოველ ხუთშაბათს მღვდელმთავრები გვსტუმრობენ, პარასკევობით ქრისტიანულ ოჯახსა და ბავშვთა აღზრდაზე ვსაუბრობთ. შაბათს არ ტარდება შემეცნებითი საუბრები, ხოლო კვირაობით კი ფილმების ჩვენება ეწყობა. ასევე ყოველკვირეულად იმართება სხვადასხვა საზოგადო მოღვაწისადმი მიძღვნილი შესანიშნავი საღამოები; იგეგმება ახალგაზრდა შემოქმედთა საღამოების მოწყობაც." ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი არა მხოლოდ თბილისშია, პატრიარქის კურთხევით იგეგმება მათი ყველა რაიონში გახსნა. ეპარქიული ცენტრები უკვე გახსნილია ქ. ფოთში, ზუგდიდში, ცაგერში და ა.შ. ეს ცენტრები ადგილობრივ მღვდელმთავრებს ემორჩილებიან. ასე, რომ არა მარტო თბილისში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ყველასა აქვს საშუალება აქტიურად იყონ ჩართულნი ცენტრების საქმიანობაში და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. ახალგაზრდებმა ცენტრების შექმნის იდეა ძალიან აიტაცეს და დღეს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარეების ცენტრში ათასზე მეტი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტია გაწევრიანებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ არა მარტო სტუდენტები არიან; ცენტრის მუშაობაში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი ასაკოვანი ადამიანებიც, რომლებიც როგორც თვითონ ახალგაზრდები ამბობენ, მათი კონსულტანტები არიან. ცენტრში ნებისმიერი ასაკის ინტელექტუალ და განათლებულ ადამიანს შეხვდებით, აქ მოდის ყველა, განურჩევლად ასაკისა, მოკლედ ყველა, ვინც თავს ახალგაზრდად თვლის, ყველა, ვისაც სურს ცენტრის საქმიანობაში წვლილი შეიტანოს ან თვითონ ეზიაროს უზომოდ დიდ სითბოსა და სიბრძნეს. ახალგაზრდულ ცენტრს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე ხელმძღვანელობს. სწორედ მეუფის უშუალო ლოცვა-კურთხევით ხორციელდება ცენტრში ყველაფერი.

ცენტრში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია ახალგაზრდული ცენტრისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი - ინტელექტუალური თამაში "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". პროექტი წელს პირველად ტარდება და მთელი საქართველოს სკოლებს მოიცავს. პროექტმა მოსწავლეებში ძალიან დიდი დაინტერესება ჰპოვა. თამაში რამდენიმე ეტაპად ტარდება და ფინალში გასული შვიდი გუნდიდან პირველ ადგილზე გასული ისრაელის საგზურით ჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული ეგვიპტის, ხოლო მესამე საბერძნეთის საგზურით. დანარჩენი ოთხი ფინალისტი გუნდი კი სვანეთში გაემგზავრება.უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდულ ცენტრში 1 წელია, რაც ანტინარკოტიკული მოძრაობა "დავითიანნი" დაარსდა. საქართველოში არაერთი ანტინარკოტიკული მოძრაობაა, მაგრამ "დავითიანნი" მათგან განსხვავებულია.
მოძრაობა ამ ხნის მანძილზე ახორციელებდა საპილოტე პროგრამას, რომელიც შვიდ სკოლას მოიცავდა. როგორც ანტინარკოტიკული მოძრაობა "დავითიანნის" მენეჯერმა კოტე სვანაძემ ჩემთან საუბრიასას აღნიშნა: "პროგრამამ გაამართლა; პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალმხრივი ღონისძიებები. ძირითადად აქცენტი გამახვილებული იყო ეკოპროგრამებზე. 189-ე სკოლაში მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით შეიქმნა "პატრიარქის ბაღი". ასევე მოეწყო სპორტული ტურნირები, შემეცნებითი საუბრები, ინტელექტუალური თამაშები, ლიტერატურული კონკურსები, გამოფენები. ჩვენ აქცენტი პრევენციაზე გვაქვს, ვინაიდან ნარკომანის რეაბილიტაციისას იგივე თანხების გაღებით, რასაც პრევენციაზე ვხარჯავთ, 100%-დან მაქსიმალური შედეგი განკურნებისა შეიძლება იყოს 10 ადამიანი, ხოლო პრევენციისას კი შედეგი დაახლოებით 70-ია. ჩვენი მიზანი მოსწავლეთა თავისუფალი დროის დადებითი მიმართულებით ათვისებაა, რათა ნებისმიერ მათგანს შეეძლოს საკუთარი სულიერი, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა, ვინაიდან სწორედ თავისუფალი დრო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის ბიძგი ნარკომანიისაკენ."
ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ახალგაზრდობაა ის პერიოდი, როდესაც ადამიანი რაღაც სიახლის ძიებაშია, როცა ყველაზე მეტად ავლენს ლტოლვას იმისკენ, რაშიც საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს. სწორედ ახალგაზრდასა აქვს ყველაზე დიდი ენთუზიაზმი... ახალგაზრდული ცენტრის კარები მასში გაწევრიანების ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა;



2009წელი / მარტი


მ ა ს კ ა რ ა დ ი


ვერ ვიტან ქვეყნად სიცრუის ზეიმს,
თეთრი ლაქების შავ ხელით წმენდას,
ყალბი სიმართლის და ცრუ სიწრფელის,
შავი დღისა და თეთრ ღამის ცნებას;

დღეს ბრძენი ჰქვია სახელად უვიცს,
ღირებულს დებენ საფლავში მარდად,
და ადამიანს ღარიბი სულის
დიდებულივით ადგამენ დაფნას;

დღეს მამულისთვის გული ძგერს ცოტა,
ერთგულებაც კი ყალბია ვხედავ,
წრფელი გულები სადღაც გამქრალან,
თვალებსაც ყალბი გაუხდათ მზერა;

ყველგან სიცრუე ჭრელი ნიღაბით,
ყველგან ჭაობი, ტალახის ფარდა,
მხდალი გამხდარა დგეს მასაბაძი,
ხვალ კაცის მკვლელი იკნება ალბათ;

დღეს ყველა ლაჩარს უფენენ ფარდაგს,
ცრუებს უშლიან ლამაზ ტახტრევანს,
რა არ ვიდარდო, როცა უგუნურს
ლაღად ასხამენ ბრძენის მანტიას;

ყველგან სიცრუე, ყველგან სიყალბე,
ფარისევლობა, ფლიდობა, ლიქვნა,
მოჰბეზრდა თვალებს მარად სიყალბე,
მსურს ჩავიხედო ჭრელ ნიღაბს მიღმა;

თუ კარს გავაღებ და გარეთ გავალ,
მომეგებება სიცრუე ფლიდი,
ყველა ნიღბიანს შევცქერი შიშით,
ვინ ან რა არის, რატომ და რისთვის?!

თითო ოროლა ცხოვრობს უნიღბოდ,
თითქოსდა ყველა შენიღბულია,
ცხოვრებისთვის კი ნიღბით, უნიღბოთ,
მე მასკარადი დამირქმევია!...



2007 წელი...




მეორე სიცოცხლე



















მე ხუთჯერ გარდავიცვალე და ხუთჯერ მოვბრუნდი ამ ქვეყანაზე. პირველად მე გარდავიცვალე შიშით და აღვსდექი სიმარტოვეში; მეორედ მე გარდავიცვალე სიმარტოვეში და აღვსდექი თვალთმაქცობაში; მესამედ მე გარდავიცვალე თვალთმაქცობით და აღვსდექი უდარდელობაში; მეოთხედ მე გარდავიცვალე უდარდელობით და აღვსდექი სიყვარულში. მე ახლა ვცხოვრობ უზომო, განუსაზღვრელი სიყვარულით და ვიცი, რომ სიყვარულით გარდავიცვლები... და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გარდაცვალება... მე აღარაფერში…აღარ აღვსდგები... მე დავრჩები მარადიულ ს ი ყ ვ ა რ უ ლ შ ი...
ნ. დუმბაძე


ისევ აღვსდექი განგმირული ტყვიით სიცრუის,
კვლავ აღვსდექ მაღალ მწვერვალიდან მიწას განრთხმული,
ისევ აღვსდექი დაცემული ბევრის სიმუხთლით,
კვლავ აღვსდექ შენთვის სიყვარულო თავგანწირული;

        კვლავ შევიგრძენი გაზაფხულის, აპრილის სითბო,
        კვლავ გავახილე დაბრმობილი თვალი მე თითქოს,
        და კვლავ მოვედი, დავიბადე, - სითბო რომ ვიგრძნო,
        კვლავ დავიბადე, სიყვარულმა, სითბომ რომ მიხმო;

                    ჰო, კვლავ მოვედი, ეს სიცოცხლე არ მეყო, არა,
                    ერთი სიცოცხლე რას მეყოფა სიკეთისათვის,
                    ხანმოკლეა და არა კმარა სითბოსთვის, არა,
                    ერთი სიცოცხლე რას მეყოფა სიყვარულისთვის?!

                               არ მსურს სიცოცხლე, თუ ერთ მსხვერპლსაც ვეღარ გავიღებ,
                               კვლავ მოველ, რათა სიყვარული მოგიძღვნათ ოდენ;
                                მე მოვედი და მოვევლინე ქვეყანას ისევ,
                                შანსი მომეცით მკვდრეთით აღმდგარს, - აწიც გეტრფოდეთ;

                                                   სიყვარულისთვის დაფერფლილი მე ვით ფენიქსი,
                                                   კვლავ აღვსდექ, ქარმა ჩემი ფერფლი ზეცას რომ უძღვნა,
                                                    მე ვარსკვლავებად, მზის სხივებად გარდმოვლენილი,
                                                    იმედის სხივად ვიკიაფებ თქვენს თვალში მუდამ!..





2007 წელი...

ქართული ფოტოგრაფიის სათავეებთან



ფოტოგრაფიის მიზანი თავდაპირველად პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულების მიღება იყო, დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რაც მხატვარს იგივე მიზნის მისაღწევად დასჭირდებოდა. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფო


ტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად - ფოტოხელოვნებად.
ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი საქართველოში მე-19 საუკუნიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა. საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში არაერთი საინტერესო ფოტოხელოვანი მოღვაწეობდა, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება ერთგვარ კოლორიტულ დატვირთვასაც ატარებდა. ამავე დროს მაშინდელი ფოტოგრაფები ფაქტობრივად მემატიანეები იყვნენ, თანაც ყველაზე მიუკერძოებელი მემატიანეები.
ფოტოგრაფიით დაინტერესებულნი იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეებიც: მხატვრები - გიგო გაბაშვილი და დავით კაკაბაძე, პოეტი - იოსებ გრიშაშვილი და სხვ. საქართველოში არსებობდა არაერთი ფოტოგრაფიული კლუბი და გაერთიანება, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ფოტოისტორიის გადარჩენაში.

რაც უფრო კომპაქტური ხდებოდა ფოტოგრაფიის ტექნიკა და ფოტოგრაფიული პროცესები, მით უფრო იზრდებოდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. 1893 წლის აპრილში, თბილისში მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველი კრება ჩატარდა პირველი ქართველი ფოტოხელოვანის - ალექსანდრე როინაშვილის ატელიეში. ამ საზოგადოების მიზანი იყო, მოყვარულთათვის ესწავლებინათ ფოტოგრაფია. გაზეთი “კავკაზი” სისტემატურად ბეჭდავდა ცნობებს ამ საზოგადოების საქმიანობაზე. მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების დიდი მონდომებითა და ძალისხმევით თბილისში 1897 წლის 23 აპრილს სამხედრო ისტორიული მუზეუმის შენობაში (ამჟამად სამხატვრო გალერეა) გაიხსნა გამოფენა. გამოფენაზე ფოტონამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფიული აპარატები და მოწყობილობები. გამოფენის მონაწილეები საექსპერტო კომისიამ დააჯილდოვა.
ქართული ფოტოხელოვნების სულისჩამდგმელად - საქართველოში პირველი ფოტოხელოვანი - ალექსანდრე როინაშვილი ითვლება. იგი 14 წლისა იყო როცა მამა გარდაეცვალა და თბილისში ჩამოვიდა ლუკმა პურის საშოვნელად. მალე ალექსანდრე როინაშვილი ფოტოგრაფ-ხატმწერ ვ. ხლამოვს დაემოწაფა, ხოლო ხუთ წელიწადში უკვე დამოუკიდებლად მუშაობაც შეძლო. ფოტოგრაფია მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა.
ალ. როინაშვილმა 1865 წელს თბილისში ფოტოგრაფიული სტუდია "რემბრანდტი" გახსნა; მას კიდევ ორი ფოტოსალონი ჰქონდა: "ამხანაგობა" და ყველაზე ადრე შექმნილი - "სასურათხატო". გადაიღო ქართველ ლიტერატორთა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ი. მაჩაბელი, ა. ყაზბეგი, დ. ყიფიანი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, გ. გურიელი, და სხვ.) სურათები, შექმნა რუსთაველის პორტრეტის ფოტორეპროდუქცია. მისი შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ასახვა იყო. ცარიზმის გამარუსებელი პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ალ. როინაშვილმა ქართველ მოღვაწეთა ფოტოპორტრეტების შექმნა დაიწყო. ასე გაჩნდა ქართულ ოჯახებში საქართველოს წარჩინებული მეფეების, მწერლების, საზოგადო მოღვაწეების, მღვდელმთავრების, ფოტოები, რომლებიც ცარიზმის მძიმე პირობებში ქართველ კაცს ეროვნულ გრძნობებს უღვივებდა.
ალექსანდრე როინაშვილს ძალიან სურდა, რომ მოძრავი ეროვნული მუზეუმი შეექმნა და შექმნა კიდეც. 1887-88 წლებში მან რუსეთის დიდ ქალაქებში ეროვნული მოძრავი გამოფენა მოაწყო. სიცოცხლის ბოლოს კი წლობით ნალოლიავები მოძრავი ქონება ქართველი ერის საკუთრებად გამოაცხადა და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა. პირველი ქართველი ფოტოხელოვანი 42 წლისა გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფოტოგრაფიით დაინტერესებულნი იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეებიც. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძეა, რომელიც საკმაოდ ადრე დაინტერესებულა ფოტოგრაფიით. შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ მისი პირველი ფოტოსურათები გიმნაზიაში სწავლის პერიოდს ემთხვევა, ვინაიდან ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც დავით კაკაბაძე სწავლობდა, ერთ-ერთი აღმზრდელი, - გვარად ლაბენსკი, - მოყვარული ფოტოგრაფი ყოფილა. ამ პერიოდის შემდეგ დავით კაკაბაძეს ფოტოაპარატი ხელიდან არ გაუშვია. იგი შესანიშნავ ფოტოებს იღებდა, ასევე გამოიგონა სტერეოსკოპული კინოს სისტემა. დავით კაკაბაძის ფოტოსურათებს შორის საინტერესოა საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქიტექტურული ძეგლებისა და ეთნოგრაფიული სურათების სერიები.

რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფოტოგრაფია დიმიტრი ერმაკოვი, რომელმაც ქართულ ფოტოხელოვნებაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. დ. ერმაკოვს 36 უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული ფოტოხელოვნებაში.
კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი იმდენად განელდა, რომ ამ უდავოდ პროგრესულ პროფესიას ხშირად ღიმილნარევი ირონიითაც მოიხსენიებდნენ. ქართული ფოტოგრაფიის ისტორიამ უამრავი საინტერესო ფოტოხელოვანის სახელები და ნამუშევრები შემოგვინახა; თუმცაღა დღეს ამ სახელების გაგონებაზე, ძალიან ცოტა თუ მიხვდება და გაიხსენებს, - ვინ იყვნენ ისინი; დიმიტრი ერმაკოვი, გურამ თიკანაძე, ალ. კოტორაშვილი, ალ. სააკოვი, ევტიხი და მურად ჟვანიები, გურამ წიბახაშვილი, შალვა გოქაძე, ვასილ როინაშვილი, მ. კვირიკაშვილი, თ. არჩვაძე, ო. დეკანოსიძე და სხვანი და სხვანი... ესენი ის ადამიანები არიან, რომელთაც უამრავი საინტერესო შტრიხი შემოუნახეს წარსულიდან დღევანდელობას. არც ერთ ძველ მეისტორიეს არ გაუკეთებია იმხელა საქმე დოკუმენტალისტიკაში, რაც ფოტოგრაფებმა შეძლეს. ჩვენ, რომ უახლესი ისტორია რაღაც დონეზე ვიცით, სწრედ ამ ხალხის დამსახურებაა...


2009 წელი...