Thursday, July 23, 2009

თაობა




ზოგადად, ყველა დროის ახალგაზრდობაში ძალიან დიდი ძალაა; ყოველი ადამიანი რაღაც ნიჭითაა დაჯილდოვებული. ბევრ ახალგაზრდაში არის საინტერესო შესაძლებლობები, მათ კი ხშირად საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება არ ეძლევათ...

2006 წლის თებერვალში, წმ. სამების ტაძარში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი დაარსდა. ცენტრმა ახალგაზრდები ერთიანი ქრისტიანულ-ეროვნული იდეოლოგიის ქვეშ გააერთიანა. დაარსებიდან დღემდე ცენტრში უამრავი რამ გაკეთდა და ახალგაზრდების რიცხვიც დღითი-დღე იზრდება და მატულობს.

ახალგაზრდულ ცენტრში მრავალმხრივი ღონისძიებები ტარდება. აქ შექმნილია სხვადასხვა მოქმედი ჯგუფები, რომლებიც ცალკეული მიმართულებით მუშაობენ. ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი თორნიკე კვინიკაძე გვიამბობს: "დაარსებიდან დღემდე ცენტრში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა,ძალიან ბევრი იგეგმება მომავალშიც. გვაქვს ცალკეული ჯგუფები, რომლებიც გარკვეული მიმართულებით მუშაობენ -კულტურისა და ხელოვნების, სარედაქციო, საორგანიზაციო, იურიდიული და ბავშვთა სახლებთან ურთიერთობის ჯგუფები. ვთანამშრომლობთ მწერალთა კავშირთან, მეცნიერებათა აკადემიასთან, გელათის აკადემიასთან, ასევე ჩოხოსნებთან.
ცენტრში გამოვცემთ საკმაოდ საინტერესო საზოგადოებრივ ჟურნალს - "ახალგაზრდობა", რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ახალი ბრენდია, საზოგადოება მის მიმართ დიდ ინტერესს ავლენს. ჩვენთან ყოველდღე ტარდება შემეცნებითი საუბრები; თითოეულ დღეს თავისი თემატიკა აქვს. მაგალითად ორშაბათს ისტორიისა და კულტურის დღეა, სამშაბათობით თვითონ პატრიარქი მობრძანდება და სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ თემებზე ესაუბრება დამსწრე საზოგადოებას. ოთხშაბათობით სოფლის მეურნეობა და ბიოუსაფრთხოება განიხილება, ყოველ ხუთშაბათს მღვდელმთავრები გვსტუმრობენ, პარასკევობით ქრისტიანულ ოჯახსა და ბავშვთა აღზრდაზე ვსაუბრობთ. შაბათს არ ტარდება შემეცნებითი საუბრები, ხოლო კვირაობით კი ფილმების ჩვენება ეწყობა. ასევე ყოველკვირეულად იმართება სხვადასხვა საზოგადო მოღვაწისადმი მიძღვნილი შესანიშნავი საღამოები; იგეგმება ახალგაზრდა შემოქმედთა საღამოების მოწყობაც." ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი არა მხოლოდ თბილისშია, პატრიარქის კურთხევით იგეგმება მათი ყველა რაიონში გახსნა. ეპარქიული ცენტრები უკვე გახსნილია ქ. ფოთში, ზუგდიდში, ცაგერში და ა.შ. ეს ცენტრები ადგილობრივ მღვდელმთავრებს ემორჩილებიან. ასე, რომ არა მარტო თბილისში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ყველასა აქვს საშუალება აქტიურად იყონ ჩართულნი ცენტრების საქმიანობაში და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. ახალგაზრდებმა ცენტრების შექმნის იდეა ძალიან აიტაცეს და დღეს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარეების ცენტრში ათასზე მეტი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტია გაწევრიანებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ არა მარტო სტუდენტები არიან; ცენტრის მუშაობაში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი ასაკოვანი ადამიანებიც, რომლებიც როგორც თვითონ ახალგაზრდები ამბობენ, მათი კონსულტანტები არიან. ცენტრში ნებისმიერი ასაკის ინტელექტუალ და განათლებულ ადამიანს შეხვდებით, აქ მოდის ყველა, განურჩევლად ასაკისა, მოკლედ ყველა, ვინც თავს ახალგაზრდად თვლის, ყველა, ვისაც სურს ცენტრის საქმიანობაში წვლილი შეიტანოს ან თვითონ ეზიაროს უზომოდ დიდ სითბოსა და სიბრძნეს. ახალგაზრდულ ცენტრს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე ხელმძღვანელობს. სწორედ მეუფის უშუალო ლოცვა-კურთხევით ხორციელდება ცენტრში ყველაფერი.

ცენტრში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია ახალგაზრდული ცენტრისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი - ინტელექტუალური თამაში "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". პროექტი წელს პირველად ტარდება და მთელი საქართველოს სკოლებს მოიცავს. პროექტმა მოსწავლეებში ძალიან დიდი დაინტერესება ჰპოვა. თამაში რამდენიმე ეტაპად ტარდება და ფინალში გასული შვიდი გუნდიდან პირველ ადგილზე გასული ისრაელის საგზურით ჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული ეგვიპტის, ხოლო მესამე საბერძნეთის საგზურით. დანარჩენი ოთხი ფინალისტი გუნდი კი სვანეთში გაემგზავრება.უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდულ ცენტრში 1 წელია, რაც ანტინარკოტიკული მოძრაობა "დავითიანნი" დაარსდა. საქართველოში არაერთი ანტინარკოტიკული მოძრაობაა, მაგრამ "დავითიანნი" მათგან განსხვავებულია.
მოძრაობა ამ ხნის მანძილზე ახორციელებდა საპილოტე პროგრამას, რომელიც შვიდ სკოლას მოიცავდა. როგორც ანტინარკოტიკული მოძრაობა "დავითიანნის" მენეჯერმა კოტე სვანაძემ ჩემთან საუბრიასას აღნიშნა: "პროგრამამ გაამართლა; პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალმხრივი ღონისძიებები. ძირითადად აქცენტი გამახვილებული იყო ეკოპროგრამებზე. 189-ე სკოლაში მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით შეიქმნა "პატრიარქის ბაღი". ასევე მოეწყო სპორტული ტურნირები, შემეცნებითი საუბრები, ინტელექტუალური თამაშები, ლიტერატურული კონკურსები, გამოფენები. ჩვენ აქცენტი პრევენციაზე გვაქვს, ვინაიდან ნარკომანის რეაბილიტაციისას იგივე თანხების გაღებით, რასაც პრევენციაზე ვხარჯავთ, 100%-დან მაქსიმალური შედეგი განკურნებისა შეიძლება იყოს 10 ადამიანი, ხოლო პრევენციისას კი შედეგი დაახლოებით 70-ია. ჩვენი მიზანი მოსწავლეთა თავისუფალი დროის დადებითი მიმართულებით ათვისებაა, რათა ნებისმიერ მათგანს შეეძლოს საკუთარი სულიერი, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა, ვინაიდან სწორედ თავისუფალი დრო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის ბიძგი ნარკომანიისაკენ."
ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ახალგაზრდობაა ის პერიოდი, როდესაც ადამიანი რაღაც სიახლის ძიებაშია, როცა ყველაზე მეტად ავლენს ლტოლვას იმისკენ, რაშიც საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს. სწორედ ახალგაზრდასა აქვს ყველაზე დიდი ენთუზიაზმი... ახალგაზრდული ცენტრის კარები მასში გაწევრიანების ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა;



2009წელი / მარტი


No comments:

Post a Comment

გამარჯობა,
შეგიძლია დატოვო კომენტარი ;)