Sunday, November 22, 2009

მარადიული პრობლემა

თაობათა მაკავშირებელი ხიდი არ უნდა ჩატყდეს!...
თაობათა შორის კავშირი ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ახალგაზრდისთვის, მეტად მტკივნეული საკითხია; მშობლებსა და შვილებს შორის, ურთიერთობა მარადიული პრობლემაა. ვფიქრობ თაობებს შორის კავშირი არამც და არამც არ უნდა დაიკარგოს და მით უმეტეს არც ერთმა თაობამ ამ კავშირის გაწყვეტა არ უნდა დავუშვათ...

ახალგაზრდებმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ჩვენი წინაპრებითა და წარსულით ვართ ძლიერნი... ადამიანი, რომელიც წარსულს ივიწყებს და კავშირს წყვეტს უფროს თაობასთან, საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით იმახინჯებს მომავალს, ვინაიდან ბედნიერი მომავლის საწყისები წარსულიდან მომდინარეობს... და ისევე, როგორც სახლის აგებაა საძირკვლის გარეშე წარმოუდგენელი, წარმოუდგენელია ადამიანი წარსულის გარეშე... მით უფრო ახალგაზრდებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვიღაცის მიბაძვას სჯობს ჩვენს წინაპრებს მივბაძოთ.

“გარდასულ დღეთა ფასეულობების აწმყოში გადმონერგვა უკეთესი მერმისის შესაქმნელად” - ასეთია გზა, რომელსაც ილია მართალი თანამედროვეობას სთავაზობს.

დღეს აღარავინ დაობს იმის შესახებ, რომ XIX საუკუნის მიწურულს მსოფლიო კიდევ ერთხელ გადანაწილდა ახლებურად, ამ გადანაწილებაში კი ერთი საგულისხმო რამ იკვეთება: ქვეყნის დაპყრობისთვის ტერიტორიების მითვისებაზე გაცილებით დიდი აქცენტი, იდეოლოგიის შეტანასა და თანდათანობით დანერგვაზეა. თანაც ისე, რომ ამ ყველაფერს ცივილური ჟესტი ეწოდოს და მადლობლებიც დავრჩეთ .. ლობალიზაცია ხომ ტრადიციებს და მით უმეტეს, მართლმადიდებლური სულით ნასაზრდოვებს, ვერ ეგუება...

თაობათა შორის გლობალურ თუ ყოფით საკითხებზე შეუთანხმებლობა ხშირად მწვავე დაპირისპირებაშიც გადაზრდილა ხოლმე. მართალია თაობათა შორის დარღვეული თუ გაწყვეტილი კავშირი მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არაა და ამის მაგალითები უხვადაა ისტორიაშიც, მაგრამ დღეს ვფიქრობ ძალიან მივეჩვიეთ “სულერთია” მდგომარეობას, რაც ნებისმიერ სიტუაციაში წამგებიანია. ის ზღვარი და ჩარჩო, რომელსაც წესიერება, გენეტიკა, კდემამოსილება და ა.შ. ქვია, არ უნდა მოისპოს... მართალია უხვად ხდება უცხოეთიდან, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან ფსევდო ფასეულობებისა და ფსევდო-კულტურის შემოდინება, მაგრამ ჩვენ, მათი ნამდვილ კულტურასა და ღირებულებებში აღრევა და ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრება არ უნდა დავუშვათ... ადვილი ნამდვილად არ არის გერქვას ქართველი; ეს ერთგვარი ტვირთიც არის და ჯილდოც, რასაც გაფრთხილება სჭირდება და ეს თითოეულმა ქართველმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ...

ჩვენ, ახალგაზრდები ხშირად ვეხვევით უფროსი თაობის კრიტიკის ქარცეცხლში. უფროსები ხან უგემოვნობაში გვდებენ ბრალს, ხან დროის ფუჭი ხარჯვის გამო გვსაყვედურობენ, ხან კი ქართული ენის მიმართ დაუდევრობასა და უპატივცემულობაში... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბრალდებათა ნუსხა საკმაოდ დიდია და რაღა დაგიმალოთ, ვფიქრობ, არც თუ უსაფუძვლო... ეს კი ძალიან მტკივა და მაწუხებს მე, როგორც ერთ რიგით ახალგაზრდას...

ალბათ დამეთანხმებით, რომ მთავარი ფუნდამენტი ადამიანის ჩამოყალიბებისა, აღზრდის საკითხია. ამ თემას კი ყველასათვის კარგად ნაცნობი სამკუთხედი ამშვენებს - ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. სწორედ ამ ადგილებში ყალიბდება ადამიანი, ყოველ შემთხვევაში უნდა ყალიბდებოდეს მაინც, მაგრამ ამ მხრივ რეალური ვითარება საკმაოდ რთულია... იქნებ სწორედ ამ სამკუთხედში უნდა ვეძებოთ მიზეზი გსას აცდენილი თაობისა...

და მაინცრა ხდება თანამედროვე საქართველოში?! ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ამბობდა ილია მართალი: ყველას გვახსოვს ალბთ - “ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის და ქალაი ქალაბდისო”... დღეს კიდევ უფრო მწვავე მდგომარეობაა ამ მხრივ, - დარღვეულია ქართველი კაცის კონტურები, მისი შინაგანი მდგომარეობა, ურიცხვი თვისებიდან ბევრი გაქრა, ბევრიც გადაგვარდა და დამახინჯდა... ადრევე წუხდა ილია მართალი ამ ყველაფერზე: - “წახდა ქართველთა სახელი, ქართველთა წეს-წყობაი... წარხდა, მოისრნა ქვეყანაო...კაცი კაცს აღარ ნიშნავს, თუ ზედ კაცური არ დავურთეთო - ამბობდა ილია და აბა დავაკვირდეთ მართლაც ესე თუ არ არი...


თაობათა შორის კავშირზე საკმაოდ ბევრს საუბრობს ჩვენი პატრიარქიც და მე მინდა აქვე წაგიკითხოთ პატრიარქის სიტყვები მისი ერთ-ერთი სააღდგომო ეპისტოლედან, სადაც უწმიდესი არაერთ საკითხს ეხება და თაობათა შორის კავშირზეც საკმაოდ ვრცლად საუბრობს.აი რას ამბობს უწმინდესი:

“მართალია, თაობათა შორის წინააღმდეგობა ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება, მაგრამ იგი არ უნდა გადაიზარდოს უგულვებელყოფასა და გაუცხოებაში. ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მართებთ; მათ უნდა იცოდნენ, რომ ტელევიზიით, ინტერნეტით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა ზედაპირულია, სიღრმე აკლია და იგი ასეთივე ადამიანებს აყალიბებს. ძველი თაობა კი, მიუხედაეად მრავალი ნაკლოვანებისა, უფრო წინდახედული იყო და უფრო ღრმად აზროვნებდა.

უფლის მეხუთე მცნება გვაფრთხილებს:
„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“
, რაც გულისხმობს არა მარტო მშობლების, არამედ - საერთოდ უფროსი თაობის პატივისცემას. ამ ტრადიციას ჩვენი ხალხი ყოველთვის იცავდა და იგი მომავალმა თაობამაც უნდა გააგრძელოს.
თავის მხრივ, მამებმაც მეტი ლმობიერება უნდა გამოიჩინონ შვილებისადმი, რადგან მათ ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო რთულ დროს მოუწიათ ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა და გაცილებით მეტი პრობლემები და სიძნელეები აქვთ დასაძლევი. - ამბობს პატრიარქი.

საზოგადოება ადამიანებისგან, ოჯახებისგან, სხვადასხვა დაწესებულებებისა თუ ორგანიზაციებისაგან შედგება, მაგრამ ერთი მთლიანი სხეულია და ამ ერთიანობის დარღვევა და დანაწევრება არ უნდა დავუშვათ.
ადამიანებს და საერთოდ საზოგადოებას - სინანული, შერიგება, ერთ მთლიან ორგანიზმად ქცევა სჭირდება და არა შუღლი, მტრობა დაპირისპირება და განხეთქილება.
თაობათა შორის ურთიერთობები როგორც აღვნიშნე, ძალიან მაინტერესებს და ამ საკითხზე ფიქრისას ერთ ასეთ საინტერესო რამეს წავაწყდი:

ერთხელ კონფუცი თავის მოწაფეებთან ერთად სეირნობდა. მან შეამჩნია კაცი, რომელიც ჩიტებს იჭერდა; მიუახლოვდა მას და ჩიტებით სავსე მისი გალია დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ პატარა ჩიტები იყვნენ. - დიდები სადღა არიან? - იკითხა კონფუციმ. კაცმა უპასუხა: „დიდები გონიერნი არიან და ფრთხილნი. ვიდრე დაგებულ მახეს მიუახლოვდებიან, გულდასმით შეისწავლიან გარშემო ყველაფერს და თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ, მაშინვე მიფრინავენ და ახალგაზრდა ჩიტებიც თან მიჰყავთ; კაკანათში მხოლოდ უფროსთაგან განცალკევებული პატარები ებმებიანო - მიუგო კაცმა“.
გესმით, - უთხრა ფილოსოფოსმა მოწაფეებს, - ჩიტების დამჭერმა რა სიბრძნე გვითხრაო?!

ვფიქრობ ეს სიბრძნე ყველა ახალგაზრდისათვის ყურადსაღები ყნდა იყოს...

ყოველ ერს თავისი ცხოვრების წესი აქვს; ცხოვრების წესი კი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის სინთეზია, რომელიც ეროვნული ტრადიციების მეშვეობით ყოველდღიურობაში ვლინდება და თაობიდან თაობას გადაეცემა...

ამ წერილს მოდით ისევ პატრიარქის სიტყვებით დავასრულებ:
“თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.” აი ასე გვარიგებს პატრიარქი და ვინაიდან ღმერთმა გვარგუნა ქართველებად დავბადებულიყავით, უფროსი თუ ახალგაზრდა თაობა ერთნაირად უნდა ჩავებათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო ფერხულში, მოდით გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები და ერთად ვუგდოთ ყური ჩვენი ქვეყნის მაჯისცემას...