Sunday, November 20, 2011

ცოტა ღიმილი, ოდნავ სითბო და სიყვარული...


რა ცოტა ყოფნის ადამიანს სიხარულისთვის, -
ოდნავ ღიმილი, ცოტაც სითბო , თვალები წრფელი...
ცოტაა, მაგრამ « მავანისთვის » რარიგ ბევრია,
მსგავსი « მავანიც » ქვეყანაზე არაერთია…

ოდნავი ღიმი, ცალი სიტყვა, - თბილად ნათქვამი,
ნუთუ ბევრს გვართმევს, -
ვერ ვიმეტებთ ერთმანეთისთვის;
წარბებს შევიკრავთ, მტერს თუ მოყვასს ჯავრით შევსცქერით,
შურის ფიალამ ჩაანაცვლა თვალები წრფელი...

ცხოვრების რიტმმა გადაგვაკრა ყინულის ფარჩა,
ფეხი ავუბით, არ ჩამოვრჩეთ, - სხვა რაღა დაგვრჩა,
პირველი იყო - მთავარია და აზრი არც აქვს
ვისი ხელებით, რა ხერხებით, ცუდად თუ კარგად ...

მივიჩქარით და არც კი ვიცით რას ან ვის მივდევთ...
თითქოს ვამკვიდრებთ ახალ ნიჭებს, - ძველს არ დაგიდევთ,-
საკუთარ თავში კარგის გარდა ვერაფერს ვხედავთ
სხვების კრიტიკას და გინებას იოლად ვბედავთ...

დრო დაჩქარდაო, - წამიც არ გვაქვს ერთმანეთისთვის,
ფეხი ავუწყეთ დროის მიერ გათელილ შარას;
თუკი დაჩქარდა, რაღას ვძუნწობთ, რას ვერ ვიმეტებთ?! -
სითბოს, სიყვარულს, სიხარულს თუ სხვა რამ სიკეთეს...

ისევ ყინული, ისევ სიცივე, გულებში - ქვები...
სადღა გაგვიქრა ძველებური თვალებში ცეცხლი...
გავცეთ სიკეთე, გავცეთ სითბო, ბევრი ღიმილი
სანამ წაგვართვა დრომ მავალმა, - მოვასწროთ ბევრი...

დრო თუ ცოტაა, რაღას მივდევთ, რას ვერ ვეწევით,
რა თავში ვიხლით მოკერებულ ყალბ და ცრუ ნიღბებს...
არ გვემეტება ერთურთისთვის, თითქოს ბევრია –
ცოტა ღიმილი, ოდნავ სითბო და სიყვარული...

ყველას მოგვეცა დრო, - ზოგს მეტი, ზოგსაც ნაკლები,
ტოლს არვის ვუდებთ, კვლავ ვიჩქარით და არც კი ვფიქრობთ -
რისთვის რა მოგვცეს,
ამ წყალობას რით ვუპასუხოთ...
ღვთის საჩუქარი რისთვის, როგორ გამოვიყენოთ...

დავიბადეთ და ყველას დაგვყვა « Tabula Raza »,-
სიცარიელე შეივსება ცხოვრების გზა-კვალ ;
ზოგის ფურცელზე იწერება - სიკეთე, გარჯა,
ზოგს - დრო არ ყოფნის შურისა და სიძულვილისთვის...

დრო ცოტა არის მაგრამ მაინც ყველას გვეყოფა ,-
ღიმილს, სიყვარულს, სითბოს თუკი არ დავინანებთ ;
არავინ იცის თუ განგებამ ვის რა არგუნა,
დღეს იმას ნუ ვიქმთ, რასაც ხვალ ან ზეგ დავინანებთ !..