Friday, July 24, 2009

თ ა ბ ო რ ზ ე


თაბორის მონასტერი
ქარი მარწევს და მელამუნება,
თან სიყვარულზე მესაუბრება
თან თმას მიწეწავს,თან მეფერება,
ქარი მამშვიდებს, - გულს ეკვნესება;

ზეცას და მიწას შორის ვარ სადღაც;
თითქოს ცაში ვარ,მაგრამ მიწაზეც...
თუ ამეხადა ოცნების ფარდა,-
აღარც ცაში ვარ,-აღარც მიწაზე...
დღეს ქორწილია ჩემი აქ ზეცად,
მაყრიონად მყავს ტაძარი ქვეყნის,
ჩამომაფარა პირბადე ზეცამ,
წვიმამ შემაშრო თვალებზე ცრემლი...

თვალუწვდენელი ცის კაბადონი
კალთას მაფარებს, მოწყალე კალთას;
დედაო ღვთისა, შენ დამიფარე!
ძეო ღვთისაო,შენ მომეც ძალა!


27აპრილი/2007წელი



მე და სევდა

უღრუბლო ცაა,
სევდიანი დაქრის თან ქარი;
დარდიანი ვარ
და დამყვება სევდის ამქარი;
ცრემლი დამდის და
ნატიფ სახეს თავის კვალს აჩენს,
შორს ბურუსში კი
შუა ზღვაში,
გემი შლის აფრებს...
უდაბნოში ვარ,
ოაზისი ჩემგან შორს არის;
ქარი დაქრის და
მიიმღერის როგორც მგოსანი;
ქარი ერთობა,
უდაბნოშიც თავის საქმე აქვს;
მე კი მარტო ვარ,
ნეტა მქონდეს სახლი სადმე აქ...
ცრემლი უშრეტი
დამდის, დამდის,
უპეს მისველებს,
ხმა არ ამომდის,
მინდა ვიყვირო მხოლოდ
მ ი შ ვ ე ლ ე თ!...



2004 წელი


აკაკი წერეთლის "გამზრდელი" (გაგრძელება)





* * *
... რა გაისმა გასროლის ხმა,
საფარ სწრაფად გამოერკვა;
შეავლო რა თვალი გამზრდელს,-
გულწასული ზედ დაეცა;

დასტიროდა ცხელ ცრემლებით
ბევრათასი გმირის გამზრდელს,
გულს ჭირი ვერ დაეტია,
ბევრზედ ბევრი ლხინის დამტევს;

საფარს თავი ცოცხლად არ სურს,
მიიბჯინა შუბლზედ თოფი,
ზურგის ცოდვით დამძიმებას
რას უშველის ცრემლი, ოფლი?!

მაგრამ არა, არ მოიკლავს
თავს უსუბის გამოზრდილი,
ასე დახსნა ადვილია,
ჭირში უნდა ღონე დიდი;

სთქვა: "წავედი, გავიჭრები,
შევაფარებ თავს უდაბნოს,
მხოლოდ დიდი ლოცვით უნდა
სამოთხემდი გზა გავკაფო".

და მთის მწვერვალს ცის მახლობლად,
ბერის მღვიმეს ცრემლი ალტობს;
ფიცის გამტეხს, ზეცის დამქცევს,
ქვეყნად კაცად არვინ არ სცნობს!..
2004 წელი...

პატრიარქის ბაღი VS ნარკოსიტუაცია

საქართველოში ნარკომანიის პრევენციისთვის მიზერული თანხები გამოიყოფა. ამ პრობლემისთვის სერიოზული თანხების გამოყოფა ჩვენი ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ანტინარკოტიკული პროგრამებისთვის 1998-2000წლებში 21,5 მლნ. ლარი გამოიყო, მაგრამ პროგრამის დაფინანსება ვერ მოხერხდა. (სტუდენტური ფორუმი "ნარკომანია და ნარკოტიკული დანაშაული" 2004წ.) ამავე ფორუმზე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთ წელიწადში ერთ ტონამდე ჰეროინს მოიხმარენ.
ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 17 ათასზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელია რეგისტრირებული. (“ნარკომანია და ნარკოტიკული დანაშაული” - სტუდენტური ფორუმი 2004)
ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ნარკომანიის პრობლემა ნახსენებიც კი არაა. ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის - ეკა ადამიას განმარტებით, - სახელმწიფო ნარკომანიასთან ბრძოლისთვის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამას ატარებს; პროგრამა დაავადებათა რეაბილიტაციის კომპონენტს ითვალისწინებს. გარდა ამისა სახელმწიფო ნარკომანებს მეტადონით ჩანაცვლების პროგრამას სთავაზობს. ამ სახელმწიფო პროგრამებისთვის სულ 1 300 000 ლარია გამოყოფილი. აქედან რეაბილიტაციას 225 000ლარი ხმარდება, სპეციალური მედიკამენტებისთვის შარშან გამოყოფილი 500 000 ლარიდან წლევანდელი პროგრამისთვის მხოლოდ 150 000 ლარია გათვალისწინებული. გამოყოფილი თანხებიდან კი დანარჩენი ნარკოლოგიურ ცენტრებს ხმარდება. ქვეყანაში სულ 11 ნარკოლოგიური ცენტრი და 7 სამედიცინო ბრიგადა მუშაობს. საინტერესო იქნებოდა სსახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 1 300 000 ლარიდან რა თანხა იხარჯება თითო ნარკომანის რეაბილიტაციაზე, თუმცაღა სამინისტრო ამაზე ინფორმაციას ვერ გვაწვდის...
ქართველი და უცხოელი ექსპერტების გათვლებით მათი რეალური რიცხვი 106-120 ათასია, ("ნარკომანია და ნარკოტიკული დანაშაული" სტუდენტურიფორუმი 2004წ.)
ცხელი ხაზის ინფორმაციით საქართველოში ნარკომანიის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ორგანიზაცია მუშაობს - სამხრეთკავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამა. ნარკოლოგიური ინსტიტუტის ინფორმაციით კი ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიის წინააღმდეგ ძირითადად 4 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. ეს ანტინარკოტიკული ორგანიზაციები დაახლოებით მსგავს პროგრამებს ახორციელებენ. ისინი ძირითადად ნარკომანთა რეაბილიტაციაზე მუშაობენ, აწყობენ საინტერესო სემინარებსა და ტრენინგებს ნარკომანებისთვის, ასევე გამოსცემენ სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტებსა თუ წიგნებს, რათა საზოგადოება კარგად გაეცნოს ამ სენისგან მიღებულ შედეგებს და არ მოხდეს სხვა ადამიანთა ჩართვა ამ რისკ-ფაქტორში. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება კი შედარებით ახლადშექმნილმა ანტინარკოტიკულმა მოძრაობამ მიიპყრო...
სხვადასხვა შეფასებებით საქართველოში 200-350 ათასამდე ნარკომანია.("24 საათი" 2008წ/6.05 / ცნობილი ქართველი ბიზნესმენის - ლევან ვასაძის მოსაზრება)
2008 წლის 8თებერვალს დავითობას, წმ. სამების ტაძარში საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრკოტე სვანაძე - მოძრაობა "დავითიანნის" მენეჯერი: "სწორედ ზედმეტი და აუთვისებელი თავისუფალი დრო შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდისთვის ბიძგი ნარკომანიისკენ. ჩვენც სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ კარგად გათვლილი და დაგეგმილი პრევენციული პროგრამა რეაბილიტაციაზე გაცილებით დიდ შედეგს იძლევა. რეაბილიტაციისთვის და პრევენციისთვის გაღებული თანაბარი თანხებით, პრევენციის შედეგი 100-დან დაახლოებით 70 ადამიანი იქნება, ხოლო რეაბილიტაციისას კი 10. ამიტომაც მოზარდობის პერიოდშივე უნდა ვცადოთ ადამიანი დავიცვათ ამ რისკ-ფაქტორისგან. სწორედ ამ პრინციპითაა ჩვენი მოძრაობა სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებული. ჩვენ ვმუშაობთ, რომ არ მოხდეს ახალგაზრდების ჩართვა ამ რისკ-ფაქტორში. თავისუფალი დროის ათვისებით კი ამის არიდება სავსებით შესაძლებელია."
დობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ანტინარკოტიკული მოძრაობა "დავითიანნი" დაარსდა. "დავითიანნი" და მისი სამოქმედო პროგრამა სხვა ანტინარკოტიკული ორგანიზაციებისგან მკვეთრად განსხვავდება. მათი უმთავრესი მიზანი პრევენციაა; მათი მიზანია ადამიანმა მოზარდობის პერიოდშივე არ დაიწყოს თამბაქოს და ნარკოტიკის მოხმარება; სწორედ ამ მიზნით მოძრაობა მოსწავლეების თავისუფალი დროის დადებითი მიმართულებით ათვისებას ცდილობს, რათა ნებისმიერ მათგანს მიეცეს საკუთარი სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობის წარმოჩენის და თვითრეალიზების საშუალება.

პატრიარქის ბაღი
"დავითიანნი" პატრიარქის ფონდისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია AOCC –ის (USID-ის გრანტით) დაფინანსებით, ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა საპილოტე პროგრამას. პროექტი 7 სკოლაში გამოიცადა და საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. `დავითიანნის~ პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალმხრივი ღონისძიებები: მოეწყო სპორტული ტურნირები, შემეცნებითი საუბრები, ექსკურსიები, გამოფენები, ინტელექტუალური თუ ლიტერატურული კონკურსები. პროგრამის ფარგლებში პროექტის მონაწილე 189-ე სკოლისა და მოძრაობა "დავითიანნის" თანამშრომლობის საფუძველზე, ამავე სკოლის ბაზაზე შეიქმნა "პატრიარქის ბაღი". იგი საზეიმოდ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა მეუფე სტეფანემ გახსნა. პროცესში 500-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. დაირგო 150-მდე ნახევრადბუჩქოვანი მცენარე და 300-მდე ყვავილი. ზაზა გრიგალაშვილი - 189-ე სკოლის დირექტორი: "მოხარული ვარ, რომ პირველად ეს პროექტი ჩვენს სკოლაში განხორციელდა. აქ ადრე გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკვერი იყო, სკვერი დასუფთავდა, განახლდა და "პატრიარქის ბაღის" სახელი მიენიჭა. "ბუნება ცვლის ადამიანებს, მე ძალიან მესიამოვნა, რომ თქვენს სკოლაში გაკეთდა პატრიარქის ბაღი!" - ეს სიტყვები პატრიარქს ეკუთვნის. მე კი ჩავიწერე და ახლაც თან მაქვს - განაცხადა 189-ე სკოლის დირექტორმა - "დავითიანნის" პროექტის ფარგლებში სკოლაში შეიქმნა კლუბი. პროექტში ექვსი მე-9 კლასი იყო ჩართული და დაახლოებით 170 ბავშვი იღებდა მონაწილეობას. წელს კი მათ ახალი მე-9 კლასელები ჩაანაცვლებენ... მე გაოცებული ვარ მოსწავლეთა მონდომებით "პატრიარქის ბაღთან" მიმართებაში; დილიდან დაღამებამდე აქ არიან და თავიანთ ნერგებს უვლიან. ბაღში ყოფნისას არ ეწევიან, არ ჩხუბობენ, არ იგინებიან. ერთხელ ღამის 11 საათზეც კი ამოვიდნენ ნერგების მოსარწყავად... ძალიან უყვართ აქაურობა..." - აღნიშნა ზაზა გრიგალაშვილმა.
ანტინარკოტიკული მოძრაობის მიერ სკოლებსჰი დანერგილი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა დაახლოებით 3-დან 4 ათასამდე მოსწავლემ მიიღო.
პატრიარქის ბაღმა რომ ბავშვებში ძალიან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა, ამას იქ მისულიც შევესწარი და ბავშვებმაც დამიდასტურეს.
გიორგი კაბულაშვილი - მე-9 კლასის მოსწავლე: "მაშინ, როცა კლუბები შეიქმნა სკოლაში, მე მე-8 კლასში ვიყავი, ამიტომ კლუბში ვერ გავწევრიანდი, მაგრამ ერთი ნერგი მეც დავრგე "პატრიარქის ბაღში" და ძალიან მიხარია. აქ თითქმის სულ არიან ბავშვები, ყველას უხარია, რომ ჩვენს სკოლაში პატრიარქის სახელობის ბაღია."
ანტინარკოტიკული მოძრაობა "დავითიანნი" აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ანტინარკოტიკულ ცენტრებსა თუ ორგანიზაციებთან. მათ კავშირი აქვთ ნარკოლოგიურ ინსტიტუტთანაც , ასევე ანტინარკოტიკულ ორგანიზაციათა კოალიციასთან, რომელშიც მრავალი ორგანიზაციაა გაერთიანებული, ამ კოალიციის ლიდერ ორგანიზაცია - "ბემონთან". აქტიურად თანამშრომლობენ საპატრიარქოს ანტინატკოტიკულ ორგანიზაციასთანაც.თეა გოგოტიშვილი, საპატრიარქოს ანტინარკოტიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელი: "დიდი ხანი არაა, რაც მოძრაობა "დავითიანნი" დაარსდა, მაგრამ მათ ამ ხნის მანძილზე ბევრის გაკეთება შეძლეს. ჩვენმა წარმომადგენლებმა მათს ახალგაზრდა კურატორებს ჩაუტარეს ტრენინგი, რის შემდეგაც საკმაოდ წარმატებულად გაატარეს მათ ეს საპილოტე პროგრამა სკოლებში. კარგია, რომ მოძრაობა "დავითიანნი" საკმაოდ შედეგიანად ახდენს მოსწავლეთა თავისუფალი დროის ათვისებას და მათი ფიზიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზებას."
მოძრაობა "დავითიანნი" მომავალში ამ პროგრამის გაფართოვებას გეგმავს და მათივე თქმით მალე არა მარტო სხვადასხვა სკოლებს, უნივერსიტეტებსაც მოიცავენ.

ნ ა მ ო ნ ა ს ტ რ ა ლ თ ა ნ


ჩავიძირე მარტოობის მორევში,
მერე რა, რომ ჩემს გარშემო ბევრია;
ბალახებზე,ხეთა ჩრდილში ლექსსა ვქმნი,
დარდიც თურმე მაინც არ დამლევია;

დაცურავენ ლეგა-ლეგა ღრუბლები,
ქარმა მიძღვნა ნაირ-ნაირ სურნელი,
თითო ფოთოლს, თითო ლერწამს შევსტრფი და
რა, რომ წავალ, მაინც აქ დავბრუნდები;



ქარი მახვევს თმების ქარბორბალაში,
თავბრუს მახვევს ყვავილების სურნელი;
შრიალებენ გვირილები, გალობენ;
ამ ჩუმ ხმაურს ნაზად გავურინდდები...


იდუმალი გარემო და დარდები,
საოცარი სიმშვიდე და ვარდები;
თვით კენჭები,ფოთლები თუ ხეები,
მწამს ელიან, ვიყო მათთან გულწრფელი;


გადავხედე ჩემს განვლილ გზას ცხოვრების,
თითქოს გავხსენ რაღაც დოზით ხლართები,
და დახშული კარგა ხნის წინ მე გულის,
ნამონასტრალს გადავუხსენ კარები;


ტაძარში ვარ მზის სხივებით ნაფერი,
მანუგეშებს საგალობლის ჰანგები,
ყელს მეჭდობა სინანულის ცრემლები,
ცოდვავ მხოლოდ ცრემლით განიბანები!


საკურთხევლის წინ დავეცი მუხლებით,
გზა იპოვეს ნაგუბარმა ცრემლებმა,
დაიცალა გული დარდის ურმებით,
და მტირალი უფალმა მანუგეშა;


მომსწრე გავხდი უხილავ საოცრების,
მადლს მაბერტყდნენ ზეცით ანგელოზები,
ცად აღვიპყარ ხელი, უფალს ვმადლობდი,
და ცოდვილი, თავს კვლავ უფალს ვანდობდი.


დაცურავენ ლეგა-ლეგა ღრუბლები,
ქარმა მიძღვნა ნაირ-ნაირ სურნელი,
ამ ჩუმ ხმაურს ნაზად გავურინდდები;
წავალ, მაგრამ ვიცი კვლავ დავბრუნდები!...



2007 წელი...