Wednesday, July 22, 2009

No smoking!...


როდესაც 1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბი სან-
სალვადორის კუნძულს მიადგა, ის და მისი თანამგზავრები შეძრა უჩვეულო სანახაობამ - აბორიგენები პირიდან და ცხვირიდან უშვებდნენ ბოლს. საქმე იმაში იყო, რომ ინდიელები (ასე უწოდა მათ კოლუმბმა) აღნიშნავდნენ "წმინდა" დღესასწაულს, რომელზეც ისინი განსაკუთრებულ ბალახს ეწეოდნენ სრულ გაბრუებამდე. ამ მდგომარეობით ისინი თითქოს კავშირს ამყარებდნენ დემონებთან და შემდეგ ყვებოდნენ, თუ რას ეუბნებოდა მათ "დიადი სული". სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ესპანელმა მეზღვაურებმა მათ გააცნეს ზემოაღნიშნული "სიამოვნება". მოგზაურთა ცნობების თანახმად, ამერიკელი აბორიგენები თამბაქოს ფოთლებს ღმერთების ნაბოძებად მიიჩნევდნენ და უწოდებდნენ მას tobaco-ს... მოგვიანებით საფრანგეთის ელჩმა, ჟან ნიკომ, მეზღვაურისაგან იყიდა თამბაქო, მას "nikotiana tabacum" უწოდა და გაგზავნა საფრანგეთის სამეფო კარზე.
 მე-16 საუკუნის ბოლოს ჩიბუხის მოწევა პოპულარული გახდა ლონდონში, სადაც მოდაში შემოვიდა ე.წ. "მოსაწევი საღამოები"... და თამბაქოს მოყვარულთათვის სპეციალური სამოსიც კი გამოიგონეს – სმოკინგი (ინგლ. smoking – მოწევა).თამბაქოს წარმოშობაზე ლეგენდებიც არსებობდა; ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, თამბაქო სისხლის აღმრევთა (ცოდვილი და-ძმის) საფლავიდანაა აღმოცენებული. დროთა განმავლობაში თამბაქოს ციებ-ცხელება მთელს ევროპასა და აზიაში დაიწყო. მის აღსაკვეთად ძველად უამრავ სადამსჯელო ზომას მიმართავდნენ: დაწესებული იყო ეკლესიიდან განკვეთა, დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა და მათი პირში ჩიბუხგაჩრილი თავების გამოფენა, ტუჩებისა და ცხვირის მოკვეთა, თამბაქოთი მოვაჭრეთა ცოცხლად დაწვა, ნესტოებისა და ცხვირის დაჭრა და დამნაშავეთა გადასახლება. მაგრამ დროთა ცვლამ ეს ყველაფერი შეცვალა და მწეველთათვის განკუთვნილი სადამსჯელო ზომები მათივე წახალისების პროპაგანდამ შეცვალა.
თამბაქო მცენარეული ნაწარმია. მისი ბოლის შემადგენლობა რთულია და 5000-მდე ნივთიერებას შეიცავს. ქვემოთ უფრო ახლოს გავეცნობით რამდენიმე მათგანს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ მოწევა არა მარტო თვითმკვლელობა, არამედ სხვა ადამიანების მკვლელობაცაა... ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება ნიკოტინი (რომელიც არაფრით ჩამოუვარდება კოკაინსა და ჰეროინს) და ფისი (თამბაქოს კვამლი). ერთი ღერი სიგარეტი დაახლოებით 8,4 მგ. ნიკოტინსა და 15 მგ. ფისს შეიცავს. თამბაქოში შემავალი ნიკოტინი ადამიანს თანდათანობით კლავს, - იწვევს რა მძიმე დაავადებებს. იგი, ჩასუნთქულ კვამლთან ერთად, ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის სისხლში და თავის ტვინს სულ რაღაც 8 წამში აღწევს. აღსანიშნავია, რომ ერთი წვეთი ნიკოტინი კლავს საშუალო წონის ადამიანს. თამბაქოს კვამლის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა ნახშირის მონოქსიდი, რომელიც მანქანის გამონაბოლქვში გამოიყოფა და საკმაოდ ძლიერი შხამია. თამბაქოს კვამლი ასევე შეიცავს დარიშხანს და ამონიუმს; ამათგან პირველი ცნობილი შხამია, ხოლო მეორე კი სხვადასხვა ხსნარების შემადგენელი კომპონენტი. 

თუ ადამიანი დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწევა, წლის განმავლობაში მის ფილტვებში 1 ლიტრი ფისი (თამბაქოს კვამლი) დაილექება. საინტერესოა, რატომ ხდებიან მასზე ასე ადვილად დამოკიდებულნი?! მიზეზი მრავალფეროვანია და ამასთან რთულიც... უმრავლეს შემთხვევაში მოწევის ჩვევა მოზარდობის პერიოდში ყალიბდება. უკვე 20 წლის ასაკში განისაზღვრება მწეველთა სტატუსი. ზოგიერთი ბავშვი მოწევას 9-11 წლიდან იწყებს. მათი 80% კი ამ ჩვევას რეგულარულად აგრძელებს მოზრდილ ასკშიც. მოწევა მოზარდებში შეიძლება გახდეს სიფიცხის, გაღიზიანების, გაფანტულობის, დაბნეულობის, ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითების, ძილის დარღვევის მიზეზი. რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მოწევას, მით მაღალია სიკვდილიანობის რისკი. იმ მწეველებში, რომელთა ასაკი 18 წელია, უკვე აღინიშნება გულის დაავადების ნიშნები. ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში სიგარეტის მოწევის შედეგად ყოველწლიურად 8-12 ათასი ადამიანი იღუპება, მსოფლიოში კი - 3-4 მილიონი. სტატისტიკის თანახმად, ამ ციფრებს ყოველ 10 წამში მოწევის შედეგად გარდაცვლილი თითო ადამიანი ემატება. ერთი ღერი სიგარეტი მწეველის სიცოცხლეს საშუალოდ 7 წუთით ამცირებს. როგორც ზემოთ ვახსენე, მოწევა შეიძლება ჩაითვალოს როგორც თვითმკვლელობად, ასევე მკვლელობადაც; ჩვენი ბინების, ოფისებისა და სხვა ადგილების გაბოლვას ჩვენ იმ "უცოდველ სიამოვნებას" უნდა ვუმადლოდეთ, რომელზე უარის თქმაც, რაღაც მიზეზების გამო, არ შეუძლია ზოგიერთს ჩვენს ახლობელთაგანს. ცნობილია, რომ საქართველოში "პასიური წევის" მიზეზით ყოველწლიურად ავადდება 82 000 არამწეველი. თამბაქოს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც სხვების თანდასწრებით ეწევა, ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ,,პასიური წევის“ შედეგად ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 4000 კაცი იღუპება... ყველა მწეველმა უნდა გააცნობიეროს, რომ თამბაქოს მოხმარებით, საკუთარი თავის გარდა, გარშემომყოფებსაც აყენებს ზიანს (განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებს). სიგარეტი მოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე, არამედ ცვლის მის ქცევით ჩვევებსაც. ნიკოტინს ახასიათებს დამოკიდებულების, მიჩვევის ჩამოყალიბება. ჩვევითი დამოკიდებულება ფორმირდება თანდათანობით და მოიცავს სიგარეტის ყიდვის, კოლოფის გახსნის და მოწევის "რიტუალებს", რომელიც ხშირად თან ახლავს ფინჯანი ყავის სმას, სატელეფონო საუბრებს, ნერვულ გაღიზიანებას, შესვენებას სამსახურში, მანქანის ტარებას, ალკოჰოლის მიღებას, მეგობრებთან შეკრებებს. დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებაში სიგარეტის მოწევა სამარცხვინო საქციელად ითვლება; მოწევა ცუდ ტონადაა აღიარებული. მწეველი მოზარდი აუცილებლად არაპრესტიჟულ პიროვნებად ითვლება. აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში მწეველ ადამიანს გაუნათლებელს უწოდებენ; ასეთი ადამიანი სოციალურად დეგრადირებულად ითვლება და უპრინციპო ადამიანის სიმბოლოა. იყო მწეველი - არ ნიშნავს, რომ ძლიერი ხარ, პირიქით - იყო მწეველი - ნიშნავს, რომ უძლური და უნებისყოფო ადამიანი ხარ, რომელიც ხელყოფს არა მარტო საკუთარ, არამედ სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც და ამ საშინელი პროცესის შეწყვეტას ვერ ახერხებს.მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკი) წერდა: "ისეთი წვრილმანი ცოდვა, როგორიც თამბაქოა, ისე გადაეზარდა ადამიანთა საზოგადოებას ჩვევაში, რომ საზოგადოება მას ყოველგვარ პირობებს უქმნის. სად აღარ შეიძლება სიგარეტის პოვნა! ყვალგან შეხვდებით საფერფლეს, ყველგან არსებობს მოწევისათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, ვაგონები, კუპეები "მწეველთათვის". გაზვიადებული არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ მთელი მსოფლიო წარმოადგენს ერთ ოთახს, უფრო სწორად კი ერთ უზარმაზარ ვაგონს "მწეველთათვის" ვარსკვალავთაშორის სივრცეში."-ო. მოწევისთვის თავის დანებებას დიდი და ძლიერი ნებისყოფა სჭირდება; მისი მიტოვების შემდეგ პირველი დღეები ურთულესია ნებისმიერი მწეველისათვის. ამ შემთხვევაში აუცილებელია ადამიანმა გარემო შეიცვალოს, სიგარეტის მოკიდების ნაცვლად გაისეირნოს, ისუნთქოს ნელა და ღრმად... მართალია რთულია, მაგრამ ნებისმიერი მწეველის მიერ მოწევისთვის თავის დანებება შესაძლებელია და რაც მთავარია, საუკეთესო გადაწყვეტილებაა! ამისთვის უმთავრესია, რომ ყოველმა მწეველმა გამოიჩინოს ნებისყოფა და იპოვოს რწმენა საკუთარი თავისა, რომ თუკი მოინდომებს, შეძლებს კიდეც თამბაქოსათვის თავის დანებებას! მთავარი ხომ მონდომებაა... თუკი მოვინდომებთ, უფლის შეწევნით ყველა პრობლემას დავძლევთ!..