Tuesday, May 19, 2009

ნახევარი საუკუნე სცენაზე

უკვე 50 წელზე მეტია რუსთაველის თეატრის სცენაზეა და შესანიშნავად შესრულებული როლებით გვანებივრებს. ამაში კი მისთვის ხელი იმასაც არ შეუშლია, რომ არც დედ-მამა და არც ნათესავები მსახიობები არ ჰყოლია. მეშვიდე კლასიდანვე მყარად გადაწყვეტილი - გამხდარიყო ცნობილი მსახიობი - ვერავინ გადაათქმევინა. ასე გახდა ერთი ჩვეულებრივი სამტრედიელი ბიჭი სოფელ ღანირიდან - რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. მისი სამსახიობო კარიერა სკოლის ეზოში დადგმული "გიორგი სააკაძეთი" დაიწყო, როცა პატარა ჯემალ ღაღანიძე მთელი სერიოზულობით ხმალაობდა ხის ტოტებითა და დამტვრეული მერხების საზურგეებით. ჯერ კიდევ მერვე კლასში ყოფილა, როცა კლასის დამრიგებლისთვის უთქვამს - "ნახეთ მე რომ ცნობილი მსახიობი ვიქნები, ჩემს სპეკტაკლებზე ბილეთებს ვერ იშოვითო"... ამ უკანასკნელს წლების შემდეგ პატარა ჯემალის "მუქარა" მართლა აუხდა და ყოფილ მოსწავლესთან ბილეთების სათხოვნელად დარეკვა ვეღარც გაუბედავს...თეატრი ძალიან უყვარს; სწორედ მისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო მოუხდა ბევრ საინტერესო კინოროლზე უარის თქმა. ამის მიუხედავად კინოში დაახლოებით 20, თეატრში კი 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული... ყველა როლი თავისებურად უყვარს, უარყოფითი პერსონაჟებიც კი...


ჯემალ ღაღანიძეს სახასიათო მსახიობად მიიჩნევენ, მაგრამ როგორც ამბობენ - არა იმიტომ, რომ კომედიურ როლებს ასრულებს კარგად, - რაც "სახასიათოს" დადგენილი განმარტებაა, არამედ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი თავად ქმნის ხასიათებს... მთელი სამსახიობო კარიერის მანძილზე ბატონ ჯემალს ჰქონდა ბედნიერება, ყოფილიყო ისეთი ვარსკვლავების პარტნიორი, როგორებიც _ აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე, იპოლიტე ხვიჩია, მარინე თბილელი იყვნენ. ეროსი მანჯგალაძესთან იგი თანასოფლელობამ დააკავშირა, -რომელსაც მისი გვარის გაგებისთანავე უთქვამს - "ეს ბიჭი ღანირელი იქნებაო, და მეტსახელი - "ღანირსკიც" აქედან შერქმევია. ამ დიდ კორიფეებთან ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას გადაღებებსა თუ რეპეტიციებზე გატარებულ დროს ახლა უკვე რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, უბედნიერესად მიიჩნევს. მასთან მისულს სახლის წინ დაცვა დამხვდა და ასე,- მათგან "ინტერვიუირებული" გავეშურე ჩემს რესპონდენტთან შესახვედრად. არ იფიქროთ - მსახიობები იმდენად გამდიდრდნენ - სახლებთან დაცვა უდგათო; არა, ეს გარემოება მხოლოდ იმის დამსახურება იყო, რომ ჩემი რესპონდენტი ქალბატონი ნინო ბურჯანაძის კარის მეზობელია. კიბის ბოლოს საფეხურზე შევდგი ფეხი თუ არა, კარიც გაიღო და ბატონი ჯემალის გაბადრული სახე შემომხვდა... სახლის წინ მდგომ დაცვაზე კი თვითონ ასე ხუმრობს: "ო, ეს ჩვენი კორპუსი "თეთრი სახლი" გახდა. დაცვასთან ანგარიშის ჩაბარების გარეშე ფეხს ვერ შემოადგამთ სადარბაზოში"-ო...

სახლში ოთხნი არიან: რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი თავისი მშვენიერი მეუღლით, ქალიშვილითა და შვილიშვილით... სრული იდილიაა... ბუხრიდან შეშის ტკაცა-ტკუცი ისმის, კედელს კი ბატონი ჯემალის მეუღლის - ქალბატონ ლენა გერმესაშვილის პორტრეტი ამშვენებს; როგორც გავიგე მისი დახატვა არაერთ მხატვარს ნდომებია, მათ შორის ლადო გუდიაშვილსაც, მაგრამ ამ უკანასკნელს რატომღაც ვერ მოუხერხებია, ახლა კი სწორედ ეს ტილო მოგზაურობს გამოფენიდან გამოფენაზე, დროდადრო კი სახლსაც უბრუნდება... ძველებური ავეჯი, რომელიც წინაპართაგან დანატოვარი მგონია, შორეული გასტროლების სახსოვარი ყოფილა და ინტერიერს ძალიან საინტერესოს ხდის... აქ ყველაფერს თეატრის სურნელი ასდის...

ცისფერთვალება იმერელს საკმაოდ ბევრჯერა აქვს სომხის როლი შესრულებული. ეს ალბათ მისი კანის ფერისა და ცხვირის დამსახურებაა; ამ "ფენომენს" სხვა ახსნას ვერც თვითონ უძებნის; ამბობს, რომ ცხვირს მისთვის ძალიან დიდი სამსახური გაუწევია სამსახიობო კარიერის მანძილზე, რადგან ყოველი სპეკტაკლის წინ მსახიობებს "ფერუმარილის" წასმა უწევთ, ასევე ცხვირის, ნიკაპის დაგრძელება "გუმოზათი". "- აი ჩემს ცხვირს კი ეს არ სჭირდებოდაო" - იხსენებს ღიმილით. ხშირად უწევდა მილიციელის როლების შესრულებაც; მისი დებიუტი კინოში გასული საუკუნის 60-იან წლებში შედგა და აქედან მოყოლებული მილიციელების როლები თითქოს დაებედა კიდეც. კინოსა და თეატრში სულ 20-მდე მილიციელის როლი აქვს შესრულებული. მსახიობის ნიღაბქვეშ შესანიშნავი მეოჯახე და ადამიანი იმალება. როგორც თვითონ ამბობს, - მასთან მისული ხელოსანი არავის ახსოვს, თუ რაღაც გაფუჭდა, თვითონვე ცდილობს შეაკეთოს და მშვენივრადაც გამოსდის. არა ნაკლებ კარგად ეხერხება სამზარეულოში ფუსფუსიც - დილაობით ბაბუა და შვილიშვილი ერთად შეექცევიან ბაბუის მიერ მომზადებულ საუზმეს... ახლა თეატრში იმდენად დატვირთული არაა და ცდილობს მაქსიმალურად გაატაროს დრო მეგობრებთან და ძველი დრო გაიხსენოს. ისე კი ადამიანებს, რომლებიც ამ ოჯახში ხშირი სტუმრები არიან, ბევრჯერ უნახავთ საათების შეკეთებით გართული ჯემალ ღაღანიძე. წარსულს ტკბილად იხსენებს, თავს იღბლიან მსახიობად და ბედნიერ კაცად მიიჩნევს ...


ჯემალ ღაღანიძე: "50 წელზე მეტია რუსთაველის თეატრის სცენაზე ვარ და საყვარელ საქმეს ვაკეთებ; სხვა რომ არსად არაფერი გვეთამაშა, "კავკასიური ცარცის წრე" მთელ დასს იმდენჯერა გვაქვს ნათამაშები , რომ აქამდე გინესის წიგნშიც კი უნდა შევეყვანეთ..." ამ სპეკტაკლს უკვე 30 წელზე მეტია რაც რუსთაველის თეატრის მსახიობები თამაშობენ და ამ ხნის განმავლობაში ერთადერთი უცვლელი მსახიობი, რომელიც დუბლ-ორით არ ჩანაცვლებულა, სწორედ ჯემალ ღაღანიძეა. ერთადერთი რასაც ეს უკანასკნელი ნანობს, ისაა, რომ არასოდეს უნახავს ეს სპეკტაკლი პარტერიდან...


პროფაილი მსახიობ ჯემალ ღაღანიძეზე
2007 წელი