Monday, October 18, 2010

CHANSON DE LA SEINE / ბალადა სენაზე


(თარგმანი ფრანგულიდან)

CHANSON DE LA SEINE
La seine a de la chance,
Elle n'a pas de soucis,
Elle se le coule douce
Le jour comme la nuit.
Et elle sort de sa source,
Tout doucement sans bruit
Et sans se faire de mousse,
Sans sortir de son lit,
Elle s'en va vers la mer,
En passant par Paris...
La seine a de la chace,
Elle n'a pas de soucis
Et quend elle se promene,
Tout le long de ses quais,
Avec sa belle robe verte
Et ses lumieres dorees...
Notre-Dame jalouse
Immobile et severe,
Du haut de toutes ses pierres
La regarde de travers,
Mais la seine s'en balance;
Elle n'a pas de soucis,
Elle se la coule douce,
Le jour comme la nuit
Et s'en va vers le Havre
Et s'en va vers la mer,
En passant comme un reve,
Au milieu des mysteres,
Des miseres de Paris...


Jacque Prevert










ბალადა სენაზე




იღბლიანია სენა,
არც არაფერზე დარდობს,
და დღისითა თუ ღმით
არსაით უხვევს გზიდან,
გზად მინარნარებს მშვიდად,
მიიკლაკნება ამოდ;
ზღვას შეერთვება მალე,
პარიზს ჩაუვლის წინ და...
იღბლიანია სენა,
აღარაფერზე დარდობს,
ხავერდისფერი ფარჩით
კვლავ მიირწევა ამოდ;
ოქროსფერ სხივით თავზე,
კვლავ მიიჩქარის ვხედავ,
და თვალუწვდენელ ნაპირთ,
ეალერსება დღე–ღამ...
მდინარე ადის, ჩადის,
ნოტრ–დამს გაუვლის გვერდს და
ტაძარიც უტყვი, მკაცრი,
უძრავად დასცქერს ზედა...
სენა კვლავ მინარნარებს,
არც არაფერზე დარდობს,
და კვლავ დღეა თუ ღამე,
მიიკლაკნება ამოდ...
ჩაუვლის პარიზს, ზღაპარს,
როგორც ოცნება ჩუმი;
ზღვისკენ, ჰავრისკენ ილტვის
სენა მნახველი ყოვლის...




თარგმანი მომზადებულია 2003 წელს.

Sunday, October 17, 2010

* * *

როცა ზამთარი, სიცივე, სუსხი,
წავა და გაჰყვება ქარს...
პატარა გოგო, ფერმკრთალი, სუსტი, _
შევიგრძნობ უხილავ ძალს;

მე გაზაფხულის შევიგრძნობ სითბოს,
მის ალერსს ვანდობ თავს;
ხელებს გამოშლის, მიხუტებს თითქოს,
გულში ჩამიკრავს ბავშვს;

მალაღებს, მატკბობს მოჭრილი სითბო,
სიცივეს ვერ ვიტან გარს;
რად მინდა ისევ უკან მივიღო,
სითბო, რომელსაც ვჩუქნი მე სხვათ?!

ნაპირზე ვზივარ და მზე ჩადის ჩანს,
ზღვის ჰაერს ვსუნთქავ და ზღვაც მიხმობს თან;
ლივლივი,
დგაფუნი,
ქვიშა და
კენჭები,
მშვენებას შევიგრძნობ და
კვლავ ვინაბები...

ღამდება, ცა მიწას შეერწყა კვლავ,
მზე, მთვარე, ვარსკვლავი, _ ერთად სჩანს აქ;
ხმაური სიჩუმედ გამეფდა კვლავ,
ყოველი წამი სასწაულს გავს...

ზღვის ნაპირს კენჭივით ვაგდივარ მარტო,
ამ სასწაულის ახსნასღა ვლამობ,
პატარა გოგო ვარ და ცრემლი მახრჩობს,
თვით ღვთის ქმნილებას,
თვით სასწაულს,-
ნანახი მაკრთობს;

წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი;
ამ ოთხ სტიქიონს შუაში ვჯდები,
ზღვა და ცა,
მე და მზე,
და დედამიწა, _
ამ ლამაზ წუთს სხვა არავინ მინდა.

მარტო ვარ, ზღვის ნაპირს ქუდად მაქვს ცა,
უკაცურ ნაპირას ქვიშაში მჯდარს,
მზე მაწვიმს თავზე და ვამაყობ კვლავ,
რომ მე მთელს სამყაროს შევიგრძნობ ვრცლად.

***
ადამიანი, სულიერი გვერდით არა მყავს,
თითქოს მარტო ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ მარტოც
არა ვარ;
უკაცურ ადგილს,ზღვის ნაპირას მარტო არა ვარ,
ხალხის ბრბოში კი, მოყვასთ შორის, _
ხშირად მარტო ვარ!...


2007 წელი
13 თებერვალი

Saturday, June 26, 2010

წუთი სოფელში


ალბათ ყველასათვის ნათელია, რომ ყოველი პიროვნების ხსნა მტკიცედ უკავშირდება ღმერთმიმსგავსებულობის ცნებას; რადგან, იცხოვრო ნიშნავს, აღასრულო სახარებისეული სწავლება: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს!"

სიტყვა "ადამიანი" უთუოდ "ადამი"-დან არის წარმოებული (ადამიანი – ადამის ძე); ამდენად მასში იგულისხმება დაცემამდელი პირველხატი ღვთისა და მისდაგვარი სრულყოფილება. კაცი ვერ გახდება ადამიანი, თუ იგი თავისი ცხოვრებით არ ეცდება იყოს პირველხატივით სრულქმნილი.
ეკლესიის სწავლებით, თითოეულმა ადამიანმა ყოველი დღე იმ ფიქრით უნდა განვლოს, რომ თითქოს დღეს მთავრდება მისი სიცოცხლე, თითქოს სწორედ დღევანდელი დღეა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული... ჩვენი დამოკიდებულება "ხვალე"-ზე კი, ჩვენივე ცნიბიერების გამოხატულებაა; როცა ადამიანს სიყვარული მართავს, – მისი ქცევა სათნოა შემოქმედისთვის (ვინაიდან "ღმერთი სიყვარული არს"), ხოლო როცა თვითონ ვიწყებთ სიყვარულის მართვას, სულიწმიდის მადლი გვტოვებს და, შესაბამისად, ჩვენ მიერ წამოწყებული ყოველი საქმე ბოლოს მაინც კრახით სრულდება.

ადამიანში ყოველთვის მიმდინარეობს ბრძოლა ბოროტსა და კეთილ "მე"-ს შორის; ცხოვრება ამ ბრძოლის გარეშე წარმოუდგენელია. ზოგჯრ განგებ გვეძლევა განსაცდელი, რათა სულიერი სიმტკიცითა და სიძლიერით გავიმარჯვოთ მასზე. ყოველი ადამიანი თავად ხვეწს საკუთარ სულს და ამ სრულყოფის პროცესში იგი მინიმუმ ორია, ერთი მუდამ ებრძვის მეორეს; ამ ბრძოლაში აუცილებელია რწმენას, კეთილ საწყისს, დადებით "მე"-ს გავამარჯვებინოთ.
მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: "მომეცით ხელში ანგელოზი და თუ ყოველივე ვიკადრე, ეშმაკად გადავაქცევ, შემდეგ გაათავისუფლეთ და ისევ ანგელოზად გადაიქცევა, რადგან მისი ბუნება და ხასიათი უცვლელია. ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც სხვები, ყველანი და ჩვენც გვყავს ეშმაკიც და ანგელოზიც. ცალთვალა მხოლოდ ერთს ხედავს – ან მარტო ანგელოზს, ან მხოლოდ ეშმაკს; ორთვალა კი ყოველი ხალხის ხასიათსა და ისტორიაში ადვილად აღმოაჩენს ორივეს. ... საჭიროა სიმართლის აღდგენა, ანგელოზის ძიება და პოვნა, თორემ უანგელოზოდ ცხოვრება და განვითარება არც ცალკეულ პიროვნებას და არც ერს არ შეუძლია; ბუნებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, ამიტომაც ვინც, ერმა თუ პიროვნებამ, თავისი გულიდან ანგელოზი განდევნა ან დაჰკარგა, მან თავისუფალი ადგილი ბოროტს დაუთმო; ... მხოლოდ რწმენა და განვითარებული გონება ასხვავებს მეტყველ ადამიანს პირუტყვისაგან..."
ცოდვა ადამიანებს მუდამ თან გვდევდა და ღმერთიც, ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო, გვიგზავნიდა ხშირად "ზეცისა კაცებს და ქვეყანისა ანგელოზებს", - ანუ წმიდანებს. "ანგელოზი" ბერძნულად ინფორმაციის მომტანს ნიშნავს; "ქვეყანისა ანგელოზნი"(ანუ წმიდანები) კი სწორედ ჩვენი სულის გადასარჩენი ინფორმაციის მომწოდებელნი იყვნენ.
ადამიანისათვის, ცოდვილი არსებისთვის, ცოდვისგან თავის დახსნა - ღმერთთან თავის გატოლების ტოლფასია. ჩვენ გვეპატიება ის, რომ ღმერთის ტოლფასნი არა ვართ, მაგრამ ის კი არ გვეპატიება, რომ ადამიანის სახე დავკარგოთ, ადამიანისა, - რომლის უმთავრესი მოვალეობა ცოდვასთან ჭიდილია. თითოეული ჩვენგანის ამქვეყნიური არსებობის მიზანი, სრულყოფილებისაკენ სწრაფვაა, ამიტომაც ყოველი ჩვენი ქმედება უნდა გულისხმობდეს ცდას, - ვემსგავსოთ შემოქმედს, ჩვენს პირველსახეს.
ადამიანები ხშირად მცდარი წესებითა და კანონებით ვცხოვრობთ და სანამ ვინმე არ შეეწირება ჩვენსავე დაკანონებულ "ცოდვა-ბრალით მონათლულ სამართალს", გონს ვერ ვეგებით. საზოგადოება ხშირად თვითნებურად მიაპობს რაღაც გაურკვეველ კალაპოტს; ხშირად ირევა ერთმანეთში ურთიერთგამომრიცხავი ცნებები: "ზნეობა" და "უზნეობა", "ზრდილობა" და "უზრდელობა", ხშირ შემთხვევაში კი "გადაფასებული ფასეულობებით" გვიწევს ცხოვრება... მე, როგორც ერთ რიგით ახალგაზრდას, არ მსურს გადაფასებული, ცრუ ფასეულობებითა და ღირებულებებით ვიცხოვრო; დარწმუნებული ვარ, ეს არც შენ გსურს, მკითხველო!
აკაკი ბაქრაძე წერდა: "საშიში ქურდობა კი არ არის, საშიშია ქურდის მიმართ მოწიწების გაჩენა; საშიში ფლანგვა კი არ არის, საშიშია მფლანგველის მიმართ მოწიწების გაჩენა; საშიში ქრთამი კი არ არის, საშიშია მექრთამის მიმართ მოწიწების გაჩენა"... ჩვენც სწორედ ეს არ უნდა დავუშვათ, უმსგავსობის მოწონება... საზოგადოება, და საერთოდ ყოველი ადამიანი კი, მაშინ იწყებს განწმენდას, - კათარზისს, როცა საკუთარ მანკიერებას დაინახავს. წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) ამბობდა -"დიდი ნიჭია კაცისა, ცნობა თავისი თავისა"-ო. უპირელესად სწორედ საკუთარ თავს უნდა ვიცნობდეთ კარგად, უნდა ვიცოდეთ ვინა ვართ და რისთვის ვართ მოვლენილნი ამქვეყნად. ყოველ წუთს უნდა ვცდილობდეთ ვემსგავსოთ უფალს, სანთელივით ვიწვოდეთ ღვთისა და ქვეყნის, ჭეშმარიტების სამსახურში...
... დღეს, როცა "მათხოვრად გადაიქცა ღირსება", როცა "სიცრუე ერთგულების გახდა თვისება", როცა "უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა", როცა "დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს", როცა "უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს", როცა "უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად", როცა "სიმართლე სისულელედ ითვლება", როცა "სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა", - ჩვენი საზოგადოების ნაწილი და მეტწილად კი ჩვენ – ახალგაზრდები - საშინელი უგემოვნობის, უსამართლობის, უზნეობის, ურწმუნოების ჭაობში აღმოვჩნდით. დრო კი გვაჩქარებს, რომ ამ ჭაობიდან ამოსვლა დავიწყოთ! მთავარია მოვინდომოთ და უფალიც უმალ გამოგვიწვდის დახმარების ხელს!
განსაცდელებისა და მწუხარების არ უნდა გვეშინოდეს, ვინაიდან "ყოველი მწუხარება დასაწყისია სიხარულისა!" განსაცდელში მყოფთ უფალი არასოდეს ტოვებს მარტო. როგორც ჰოლანდიელი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი ამბობდა -"უფლისთვის შეუძლებელი არაფერია, მაგრამ არის ერთი რამ, რაც მას არ ძალუძს, უფალს არ შეუძლია განსაცდელში მყოფს ხელი ჰკრას და ზურგი აქციოს"...
უფლის სახე-ხატებს, ღმერთის ქმნილებებს, არა გვაქვს უფლება წამითაც მოვადუნოთ ყურადღება, გამუდმებით უნდა ვფიქრობდეთ ჩვენს ამქვეყნიურ დანიშნულებაზე, მისიაზე, ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ, სიკეთით განვვლოთ ღვთით ნაბოძები წუთი სოფელში!..

Friday, February 26, 2010

* * *


დღეს თუ ხვალ სტუმრად ჩემო კარგო
მოლოდინს ველი,
მე მუდამ ეულს, სიმარტოვე
აროდეს მტოვებს,
გულუბრყვილობამ გამიწოდა
მიამიტს ხელი,
სინაზეც ვიცი მე არასდროს
არ მიმატოვებს;
მე უღიმღამოს უფერული
დღეები მელის,
უშინაარსოვ, დღეებს რად სთხოვ
თავგადასავლებს?!
სევდიან ფიქრებს კვლავ დაათოვს
დარდის ფანტელი,
და ამ მტკივან სულს გავა დრო, და
ვეღარ უწამლებ...
რად აღუმართე სულის ზღვაო
გულს ჯებირები?! -
და რად დაადე აზვირთებულ
გრძნობებს ბორკილი?!
უსიყვარულო,
ამ ცხოვრების გადამთიელი,
მწამს ბოლოს მაინც
ტრფობის ალით დავიფერფლები...


2007წლის 15 მარტი