Thursday, July 23, 2009

ქართული ფოტოგრაფიის სათავეებთან



ფოტოგრაფიის მიზანი თავდაპირველად პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულების მიღება იყო, დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რაც მხატვარს იგივე მიზნის მისაღწევად დასჭირდებოდა. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფო


ტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად - ფოტოხელოვნებად.
ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი საქართველოში მე-19 საუკუნიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა. საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში არაერთი საინტერესო ფოტოხელოვანი მოღვაწეობდა, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება ერთგვარ კოლორიტულ დატვირთვასაც ატარებდა. ამავე დროს მაშინდელი ფოტოგრაფები ფაქტობრივად მემატიანეები იყვნენ, თანაც ყველაზე მიუკერძოებელი მემატიანეები.
ფოტოგრაფიით დაინტერესებულნი იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეებიც: მხატვრები - გიგო გაბაშვილი და დავით კაკაბაძე, პოეტი - იოსებ გრიშაშვილი და სხვ. საქართველოში არსებობდა არაერთი ფოტოგრაფიული კლუბი და გაერთიანება, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ფოტოისტორიის გადარჩენაში.

რაც უფრო კომპაქტური ხდებოდა ფოტოგრაფიის ტექნიკა და ფოტოგრაფიული პროცესები, მით უფრო იზრდებოდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. 1893 წლის აპრილში, თბილისში მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველი კრება ჩატარდა პირველი ქართველი ფოტოხელოვანის - ალექსანდრე როინაშვილის ატელიეში. ამ საზოგადოების მიზანი იყო, მოყვარულთათვის ესწავლებინათ ფოტოგრაფია. გაზეთი “კავკაზი” სისტემატურად ბეჭდავდა ცნობებს ამ საზოგადოების საქმიანობაზე. მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების დიდი მონდომებითა და ძალისხმევით თბილისში 1897 წლის 23 აპრილს სამხედრო ისტორიული მუზეუმის შენობაში (ამჟამად სამხატვრო გალერეა) გაიხსნა გამოფენა. გამოფენაზე ფოტონამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფიული აპარატები და მოწყობილობები. გამოფენის მონაწილეები საექსპერტო კომისიამ დააჯილდოვა.
ქართული ფოტოხელოვნების სულისჩამდგმელად - საქართველოში პირველი ფოტოხელოვანი - ალექსანდრე როინაშვილი ითვლება. იგი 14 წლისა იყო როცა მამა გარდაეცვალა და თბილისში ჩამოვიდა ლუკმა პურის საშოვნელად. მალე ალექსანდრე როინაშვილი ფოტოგრაფ-ხატმწერ ვ. ხლამოვს დაემოწაფა, ხოლო ხუთ წელიწადში უკვე დამოუკიდებლად მუშაობაც შეძლო. ფოტოგრაფია მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა.
ალ. როინაშვილმა 1865 წელს თბილისში ფოტოგრაფიული სტუდია "რემბრანდტი" გახსნა; მას კიდევ ორი ფოტოსალონი ჰქონდა: "ამხანაგობა" და ყველაზე ადრე შექმნილი - "სასურათხატო". გადაიღო ქართველ ლიტერატორთა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ი. მაჩაბელი, ა. ყაზბეგი, დ. ყიფიანი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, გ. გურიელი, და სხვ.) სურათები, შექმნა რუსთაველის პორტრეტის ფოტორეპროდუქცია. მისი შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ასახვა იყო. ცარიზმის გამარუსებელი პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ალ. როინაშვილმა ქართველ მოღვაწეთა ფოტოპორტრეტების შექმნა დაიწყო. ასე გაჩნდა ქართულ ოჯახებში საქართველოს წარჩინებული მეფეების, მწერლების, საზოგადო მოღვაწეების, მღვდელმთავრების, ფოტოები, რომლებიც ცარიზმის მძიმე პირობებში ქართველ კაცს ეროვნულ გრძნობებს უღვივებდა.
ალექსანდრე როინაშვილს ძალიან სურდა, რომ მოძრავი ეროვნული მუზეუმი შეექმნა და შექმნა კიდეც. 1887-88 წლებში მან რუსეთის დიდ ქალაქებში ეროვნული მოძრავი გამოფენა მოაწყო. სიცოცხლის ბოლოს კი წლობით ნალოლიავები მოძრავი ქონება ქართველი ერის საკუთრებად გამოაცხადა და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა. პირველი ქართველი ფოტოხელოვანი 42 წლისა გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფოტოგრაფიით დაინტერესებულნი იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეებიც. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძეა, რომელიც საკმაოდ ადრე დაინტერესებულა ფოტოგრაფიით. შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ მისი პირველი ფოტოსურათები გიმნაზიაში სწავლის პერიოდს ემთხვევა, ვინაიდან ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც დავით კაკაბაძე სწავლობდა, ერთ-ერთი აღმზრდელი, - გვარად ლაბენსკი, - მოყვარული ფოტოგრაფი ყოფილა. ამ პერიოდის შემდეგ დავით კაკაბაძეს ფოტოაპარატი ხელიდან არ გაუშვია. იგი შესანიშნავ ფოტოებს იღებდა, ასევე გამოიგონა სტერეოსკოპული კინოს სისტემა. დავით კაკაბაძის ფოტოსურათებს შორის საინტერესოა საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქიტექტურული ძეგლებისა და ეთნოგრაფიული სურათების სერიები.

რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფოტოგრაფია დიმიტრი ერმაკოვი, რომელმაც ქართულ ფოტოხელოვნებაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. დ. ერმაკოვს 36 უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული ფოტოხელოვნებაში.
კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი იმდენად განელდა, რომ ამ უდავოდ პროგრესულ პროფესიას ხშირად ღიმილნარევი ირონიითაც მოიხსენიებდნენ. ქართული ფოტოგრაფიის ისტორიამ უამრავი საინტერესო ფოტოხელოვანის სახელები და ნამუშევრები შემოგვინახა; თუმცაღა დღეს ამ სახელების გაგონებაზე, ძალიან ცოტა თუ მიხვდება და გაიხსენებს, - ვინ იყვნენ ისინი; დიმიტრი ერმაკოვი, გურამ თიკანაძე, ალ. კოტორაშვილი, ალ. სააკოვი, ევტიხი და მურად ჟვანიები, გურამ წიბახაშვილი, შალვა გოქაძე, ვასილ როინაშვილი, მ. კვირიკაშვილი, თ. არჩვაძე, ო. დეკანოსიძე და სხვანი და სხვანი... ესენი ის ადამიანები არიან, რომელთაც უამრავი საინტერესო შტრიხი შემოუნახეს წარსულიდან დღევანდელობას. არც ერთ ძველ მეისტორიეს არ გაუკეთებია იმხელა საქმე დოკუმენტალისტიკაში, რაც ფოტოგრაფებმა შეძლეს. ჩვენ, რომ უახლესი ისტორია რაღაც დონეზე ვიცით, სწრედ ამ ხალხის დამსახურებაა...


2009 წელი...

No comments:

Post a Comment

გამარჯობა,
შეგიძლია დატოვო კომენტარი ;)