Friday, May 15, 2009

იპოლიტე...


"ეს რა გენიოსი გყოლიათ"- უთქვამს ჟან გაბენს მე-20 საუკუნის გენიალურ კომედიოგრაფზე - იპოლიტე ხვიჩიაზე; იური ნიკულინს დიდი სურვილი ჰქონია იპოლიტეს პარტნიორი ყოფილიყო; სერგეი ფილიპოვი კი ბედნიერად თვლიდა თავს, რომ მას ამის საშუალება მიეცა.

მას ქართველი მაყურებელი უმეტესად კინოროლებით იცნობს. ის ადამიანები კი, რომელთაც იგი თეატრის სცენაზე, ცოცხალი თამაშისას ჰყავთ ნანახი, - ამბობენ, რომ არ შეიძლება იცნობდე იპოლიტეს ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეში იყო, თუკი იგი თეატრის სცენაზე როლის შესრულებისას არ გყავს ნანახიო... ვინაიდან, როგორც თავად ამბობენ, - არ შეიძლება კინოფილმებით შეიგრძნო ის უსაზღვრო სითბო და სიყვარული, რასაც იპოლიტე მაყურებელთან უშუალო ურთიერთობისას გამოსცემდა...

"იპოლიტე დიდი ტრაგიკომიკოსია, ვირტუოზი, იმპროვიზაციის საოცარი ოსტატი, მე-20 საუკუნის ქართული სამსახიობო სკოლის მოჰიკანი, ჩვენი ეროვნული ხასიათის, ხალხური სიბრძნის გამომხატველი. ნეტავ თუ განმეორდება კიდევ, თუ გაგვიჩნდება მეორე მისი დარი, მისი ნიჭის, მისი ტალანტის მქონე კომიკოსი?! ეჰ, ვარსკვლავები არ მეორდებიან, ისინი მარადისობის ჩირაღდნებად იბადებიან და რჩებიან საუკუნეებში..." (კინომცოდნე - ოლღა თაბუკაშვილი)
იპოლიტე ალექსანდრეს ძე ყვინჩია, 1910 წლის 31 დეკემბერს დაიბადა სოფელ კონტუათში. ყვინჩიების მეექვსე ვაჟიშვილი, ბატონი დოდო ანთაძის ხელში იქცა ნამდვილ იპოლიტე ხვიჩიად. იპოლიტეს თამაშით აღფრთოვანებულმა ბატონმა დოდომ, ეს უკანასკნელი ქუთაისის თეატრში მიიწვია და სთხოვა - "რა იქნება ეს "ყ", "ხ"-თი შევცვალოთო"; იპოლიტეც დასთანხმებია: "თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემი "ყ" იქნებ "ხ" უფრო მოეწონოსო" ... სწორედ ასე ქცეულა იპოლიტე ალექსანდრეს ძე ყვინჩია - განუმეორებელ იპოლიტე ხვიჩიად...

95 როლი თეატრში, 45 - კინოში. რა ბევრია და თანაც რა ცოტა იპოლიტესთვის...
1932წელი - პირველი როლი მისი მშობლიური ხონის თეატრის სცენაზე. პირველი მღელვარება, პირველი წარმატება, პირველი ტაში, პირველი თაყვანისმცემლები...
1977 წლი - 5 როლი კინოში; თითქოს ჩქარობდა, თითქოს გრძნობდა, რომ ილეოდა მისი შემოქმედებითი გზა...
1983 წელი - უკანასკნელი ეკრანული როლი ფილმში _ "მაცივარში ვიღაც იჯდა".
1985წელი - საქართველო აცილებს თავის საყვარელ მსახიობს, აბარებს მარადისობას. ყველასათვის საყვარელი მსახიობი, 31 იანვრის სუსხიან საღამოს აღესრულა; აი თურმე რატომ ეშინოდა მუდამ სიცივის...
იპოლიტე ხვიჩია, ქართული საზოგადოების სიხარული, სიამაყე და ცრემლია...
საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტები, კინორეჟისორები, საოცარი სითბოთი და მონატრების ცრემლით იხსენებენ "სიცილის მაესტროს". იხსენებენ, თუ როგორ იღლებოდა მისი გამოსვლებისას მაყურებელი სიცილით; ერთხელ ვერიკო ანჯაფარიძესაც კი დასჭირვებია დარბაზიდან გაყვანა და მოსულიერება, იმის გამო რომ იპოლიტეს ოხუნჯობებით, სიცილისგან ვეღარ ამოუსუნთქავს... ბევრი იხსენებს, რომ იპოლიტე საოცარი იყო თეატრში, რომ იგი მაყურებელთან ურთიერთობისას სასწაულებს ახდენდა. საოცარი იმპროვიზაციის ნიჭი ჰქონია; რეჟისორები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად უამრავი კინოროლისა, ქრთულმა კინომ მაინც ვერ მოახერხა მისი ნიჭის ჯეროვანი გამოყენება.
გადაღებებზე მისი ხალასი იუმორი ბევრჯერ გამხდარა სინჯების გაფუჭების "მიზეზი". მერაბ თავაძე (სამეფო უბნის თეატრის მთ. რეჟისორი იხსენებს: ფილმის "თოჯინები იცინიან" გადაღების დროს ბატონი იპოლიტეს მოძრაობასა და რეპლიკებზე ისეთი სიცილი მივარდებოდა ხოლმე, რომ ბევრ დუბლს ვაფუჭებდი, როცა მიზეზს მეკითხებოდნენ - რა ვქნა ბატონი იპოლიტეს ასე ნორმალურად ყურება შეუძლებელია მეთქი ვამბობდი... თითქოს არაფერს აკეთებდა, მაგრამ თავიდან ბოლომდე იუმორი იყო. ბოლოს დიდი მორიდებით სთხოვეს მაესტროს - დავეტოვებინეთ. -"კი ბატონო, თუ მაგი უშველის რეზიკოს, სულ წავალ სახლში, სხვა არა იყოს რა, მთელი რვა საათია სიდედრისთვის თვალი არ მომიკრავსო"... თქვა ბატონმა იპოლიტემ და... იმ დღეს ვერავინ ვერაფერი გააკეთა...

ხალხთან ურთიერთობისას არასოდდეს დასჭირვებია ნიღაბი, თავისი მაგნიტური იუმორით იზიდავდა მათ და თუკი იპოლიტე თამაშობდა, თეატრი გადაჭედილი იყო. იხსენებენ, როგორც ყველას მამას, ბაბუასა და მეგობარს... უაღრესად მზრუნველსა და მოსიყვარულეს...

იპოლიტე ხვიჩიას სახელი ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული ერის მეხსიერებაში, ჩვენი კულტურის ისტორიაში!იგი კარგახანია შევიდა მსოფლიოს კომიკოსთა ათეულში და მომავალში დარჩება როგორც უდიდესი მსახიობი,კომიზმის ვირტუოსი, სიცილის ტიტანი...
დრაგან იანოკოვიჩმა მას ქართველი ბურვილი უწოდა, ჟან გაბენმა გენიოსი, ოჯახის წევრებმა ბაუკა (სიარულის გამო), ხოლო კოლეგებისთვის იგი "იპო-დ" დარჩა...
ყველასათვის საყვარელი მსახიობი თბილისში საბურთალოს საზოგადო პანთეონშია დაკრძალული.
p.s. დიდ კომიკოსებს ყავლი არ გასდით! ისინი მოდის ცვალებადობას არ ექვემდებარებიან! როგორც წესი, ასეთებს ქართველი საზოგადოება უდიდესი ტიტულით ამკობს, იგი თავის რჩეულ შვილებს სახელით მოიხსენიებს ხოლმე - ი პ ო ლ ი ტ ე!...


2006 წელი.

მსახიობის ცხოვრებაზე იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი,- ქალბატონი მანანა ხვიჩია მესაუბრა

No comments:

Post a Comment

გამარჯობა,
შეგიძლია დატოვო კომენტარი ;)