Friday, May 15, 2009

ნარკო - მ ა ნ ი ა


SOS! ნარკომანია სენია, ნარკომანია სირცხვილია...


თანამედროვე საზოგადოება ბევრი პრობლემის წინაშე დგას. იმისთვის, რომ გაგვეგო, თუ რას მიიჩნევენ ახალგაზრდები თავიანთი თაობის უმთავრეს პრობლემად, ჩვენმა სარედაქციო ჯგუფმა 100 ახალგაზრდა გამოიკითხა. მათმა უმრავლესობამ ახალგაზრდობის უმთავრეს პრობლემად ნარკომანია დაასახელა.
საქართველო არ განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ისტორიულად ხდებოდა ნარკოტიკული მცენარეების კულტივირება და რეალიზაცია. ჩვენს ქვეყანაში პირველად 70-იან წლებში გამოჩნდა კანაფისებრთა ოჯახის მცენარეთაგან დამზადებული ნარკოტიკები – ოპიუმი და მორფინი. 90-იან წლებში კი უკვე ჰეროინი და სხვა ახალი სახის ნარკოტიკული საშუალებებიც ჩნდება.
საზოგადოება ხშირად ნაკლებად არის ინფორმირებული, თუ რა სავალალო შედეგები მოჰყვება ნარკოტიკის აქტიურ (ან თუნდაც პასიურ) მოხმარებას. ჩვენი თაობის ახალგაზრდები ხშირად ამ მავნე, მომაკვდინებელი სენით თვითდამკვიდრებას ცდილობენ.
შემზარავია სტატისტიკა: ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 17 ათასზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელია აღრიცხული. ქართველი და უცხოელი ექსპერტების გათვლით მათი რიცხვი 106-120 ათასს აღწევს. სხვადასხვა შეფასებით კი საქართველოში 200-350 ათასამდე ნარკომანია.
სწორედ ამ შემაძრწუნებელი ფაქტის გამო, მინდა საზოგადოების ყურადღება ამ დამღუპველ სენზე გავამახვილო.
ნარკოტიკის ძილისმომგვრელი, ტკივილგამაყუჩებელი და ზოგიერთი სხვა სამკურნალო თვისება უძველესი დროიდან არის ცნობილი. ძველ საბერძნეთსა და რომში მას სწორედ სამედიცინო მიზნით იყენებდნენ; მაგრამ მუსულმანურ ქვეყნებში, სადაც რელიგია ალკოჰოლს კრძალავს, მას მიმართავდნენ, როგორც თრობისმომგვრელს. მაჰმადიანობის ექსპანსიასთან ერთად, იგი ფართოდ გავრცელდა ევროპასა და აზიაში. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ნარკომანიამ მაინც საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი.
ნარკოტიკების ეფექტები ძირითადად ერთნაირია: ყოველი მათგანი იწვევს ანალგეზიას (გაუტკივარებას), ძილიანობას, გუნება-განწყობილების ცვლილებას, მაღალი დოზით კი ფსიქიკური ფუნქციების მოშლასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევას.
გარეგნულად ეს ეფექტები ვლინდება თვალის გუგების შევიწროვებით, პირის სიმშრალით, ქავილით სახის, მკერდისა და ზურგის არეში, რომელიც 1-2 საათს გრძელდება.
ნარკოტიკის მიღებისას ადამიანი აღიგზნება როგორც ფსიქიკურად, ისე მოძრაობით – გამოცოცხლებულია, იცინის, ხელებს იქნევს, ადგილზე ვერ ჩერდება, ლაპარაკობს ხმამაღლა, სწრაფად და არათანმიმდევრულად. ასეთი მდგომარეობა 3-4 საათს გრძელდება. შემდეგ ცნობიერება თანდათანობით იბინდება და 2-3 საათის ფხიზელ ძილს კი მოჰყვება ცუდი შეგრძნება, თავის ტკივილი, უმიზეზო ფორიაქი, შფოთიანობა, სევდა; ზოგჯერ ადამიანს აქვს თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, უცახცახებს ხელები, ენა, ქუთუთოები, ოდნავი გაციებისას, ეწყება ძლიერი ხველა. მიჩვევის პირველ სტადიაში ან ცოტა სძინავს, ან - სულ აღარ სძინავს.
მომხმარებელში ასევე სწრაფად ვითარდება წამალზე დამოკიდებულება. ხშირად რამდენიმე ინექციაც კი საკმარისია, რომ მის მიმართ ლტოლვა ჩამოყალიბდეს. ასევე სწრაფად, 1-2 თვეში ეგუება უკვე მიღებულ დოზას და სიამოვნების მისაღებად იგი აღარ ჰყოფნის. ამიტომ მომხმარებელი იძულებულია, თანდათან (3-5 კვირა) გაზარდოს მისაღები დოზა, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოწამვლის რისკთან არის დაკავშირებული. ვინაიდან დგება მომენტი, როცა მომატებული დოზა უკვე აღარაა საკმარისი; ამ დროს შესაძლოა ნარკომანმა იმდენი ნარკოტიკი მიიღოს, რომ კომაში ჩავარდეს.
საგულისხმოა, რომ ჯანმრთელობის ნებაყოფლობით ნგრევასთან ერთად,- წამალთდამოკიდებულებს ენგრევათ პირადი ურთიერთობები, დამახინჯებულია მათი პიროვნული “მე”.
წამალთდამოკიდებული ადამიანი - ნარკოტიკის ტყვეა; იგი აღარც ცოცხლებში წერია და აღარც მკვდრებში. პრობლემებში კისრამდე ჩაფლული - არავის არად არგია. იგი სოციალურად მკვდარია, აღარც ბიოლოგიურადაა სრულფასოვანი, იგი მოსიარულე ცხედარია.
საშინელებაა, როცა საზოგადოება ამ სენით მასობრივადაა დაავადებული; განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე მინდა გავამახვილო ყურადღება - ახალგაზრდობა ხომ ქვეყნის მომავალია, ახალი ძალაა, ახალი იდეები, აზრები და ახალი ფეთქვაა. რას მოვუტანთ ჩვენ, ახალგაზრდები ჩვენს სამშობლოს, თუკი წამალთდამოკიდებულება მასიური იქნება და ხშირ შემთხვევაში მისაბაძიც კი?! თქვენი არ ვიცი და მე კი ვერაფრით გამიგია, თუ რატომ უნდა იყოს მავანთათვის ნარკომანობა მისაბაძი და არა სამარცხვინო ჩვევა?! ნუთუ არ შეგვიძლია უნარკოტიკოდ დავიმკვიდროთ ადგილი საზოგადოებაში, მოვნახოთ გზა, რომელიც უფალთან მიგვიყვანს?! თავის მხრივ, საზოგადოებას უფლება არა აქვს, ზურგი აქციოს ნარკოტიკის მონად ქცეულს; სწორედ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ ჭაობიდან ამოსვლაში, ეს ყველა ჩვენგანის ვალია; ეს ადამიანები უნდა ხედავდნენ ჩვენგან მათდამი გაწვდილ თანაგრძნობის ხელს, რომ თავიანთი ხელებიც შემოგვაგებონ. როცა ჩვენგან დაინახავენ სითბოსა და სიყვარულს, თავადვე მიხვდებიან, რომ არ ღირს ერთი წუთის მოჩვენებითი სიამოვნების მიღების სანაცვლოდ მთელი ცხოვრება ეწამონ. უნდა ვუჩვენოთ, რომ ცხოვრება, მართლაც, მშვენიერია და საოცარი, რომ არ შეიძლება სიცოცხლის თუნდაც ერთი წამი ფუჭად დაკარგო; 
უბრალოდ, კარგად უნდა გავიგოთ, ვინა ვართ, რა გვინდა და საით მივდივართ. უნდა ვიპოვოთ საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. ცხოვრებაც გაცილებით ლამაზია მაშინ, როცა გაქვს მიზანი, რისთვისაც ცხოვრობ. სწორედ ასეთებად უნდა ჩამოვყალიბდეთ ახალგაზრდები და ნარკოტიკით კი არა,- სპორტით, მუსიკით, ლიტერატურით, თეატრით, კინოთი, სიყვარულით ვცხოვრობდეთ. არც ისეთი მძიმეა ცხოვრება, როგორიც ზოგჯერ გვეჩვენება, რადგან ხშირად სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავილამაზებთ მას...


P.S. კარგად დავფიქრდეთ, ღირს თუ არა, ასეთი მძიმე ხარკი ვუხადოთ ადამიანებმა ნარკოტიკს, - სულ მცირე, ისიც მოჩვენებითი სიამოვნების მისაღებად... დავფიქრდეთ, რას ნიშნავს – ცხოვრობდე, მაგრამ იყო ცოცხალი ლეში, დადიოდე, მაგრამ აღარც ცოცხლებში ეწერო და აღარც მკვდრებში...
დავტკბეთ სიცოცხლით...
ცხოვრება მართლაც მშვენიერია...



4 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. skolashi maq tema narkomaniaze vifiqre amas davwertqo tumca dzalian didiaa :(((

    ReplyDelete
  3. skolistvis didia, magram shegidzlia ragac dozit informacia aigoo :))

    ReplyDelete
  4. absoliturad yvelapershi getanxmebii.... samwuxaroa is rom dges ar arsebobs "yopili narkomani"

    ReplyDelete

გამარჯობა,
შეგიძლია დატოვო კომენტარი ;)